კანადელი ინვესტორები საქართველოს სამთო მოპოვების სექტორის პოტენციალს გაეცნენ
BM.GE
06.03.19 10:59
• 953
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი სამუშაო ვიზიტით კანადაში, ქალაქ ტორონტოში იმყოფებოდა, რომლის დროსაც საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს სამთო მოპოვების სექტორის შესაძლებლობები და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, წიაღის სააგენტოს უფროსმა მონაწილეობა მიიღო სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის Prospectors & Development Association (PDAC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც სამთო მოპოვების საკითხებს მიეძღვნა. ღონისძიებას 135 ქვეყნის 25 000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მაია ზავრაშვილმა, რომელიც Tethyan Belt-ის სახელით სესიაზე სიტყვით გამოვიდა, დამსწრე საზოგადოებას სექტორში არსებული მიღეწევები, მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, საქართველოს მომპოვებითი სფეროში ინვესტირების შესაძლებლობები გააცნო.
წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კანადაში საქართველოს საელჩოს დახმარებითა და ორგანიზებით ცალკეული შეხვედრები გამართეს საქართველოს სასარგებლო წიაღისეულით დაინტერესებულ ინვესტორებთან (Alamos Gold Inc., Altair Respources Inc., Mundoro Capital Inc., Pasinex Resources Limited, Centera Gold), რომელთაც გააცნეს საქართველოს სამთო-მოპოვებითი სფეროს პოტენციალი და ამ კუთხით არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო.
"ასევე, შეხვედრები გაიმართა კალგარის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც იმსჯელეს საქართველოში სამთო მოპოვებითი სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების შესაძლო განხორციელების შესახებ. გარდა ამისა, წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ პინარ ატაკანლის, კანადის საელჩოს სავაჭრო წარმომადგენელს თურქეთში, სადაც საქართველოს სამთო-მოპოვებითი სექტორის ცნობადობის გაზრდით მიზნით თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებაზე იქნა ყურადღება გამახვილებული.
Prospectors&Development Association-ს მსოფლიო მასშტაბით 8000-ზე მეტი წევრი ჰყავს. PDAC-ს მისიას წარმოადგენს პასუხისმგებლიანი, ძლიერი და მდგრადი სასარგებლო წიაღისეულის წარმოების გლობალური ხელშეწყობა.
კანადაში ასევე იმყოფებოდა წიაღის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გვანცა ბიწაძე", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.