მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანადის პრემიერ-მინისტრი ინდოეთს სტუმრობს - რა გეგმები აქვს მარკ კარნის?

მარკ კარნი და ნარენდრა მოდი

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, აშშ-ზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად და სტრატეგიული კავშირების აღსადგენად, სახელმწიფო ვიზიტით ინდოეთში ჩავიდა.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნოემბრის თვისთვის დაანონსებული ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებისთვის ბოლო დეტალების განხილვაა. საუბარია დოკუმენტზე, რომლის ფარგლებშიც კანადა ინდოეთისაგან $2.05 მილიარდი დოლარის ღირებულების ურანს ათი წლის განმავლობაში მიიღებს, ამასთან, გაღრმავდება თანამშრომლობა და ჩაიდება ინვესტიციები ნავთობის, ენერგეტიკის, ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური გამოთვლების სექტორებში.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას მიესალმა და თქვა, რომ ეს კარნის მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯია და აჩენს შესაძლებლობას, რომ წარსულში დარჩეს ის დაპირისპირება, რამაც ოფიციალურ ოტავასა და ნიუ დელის შორის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს შორის უკიდურესი ფორმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ წინა ადმინისტრაციამ მოდის ხელისუფლება კანადის მოქალაქის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. ეს ინდოეთის მთავრობამ კატეგორიულად უარყო, თუმცა ტრუდოს მთავრობამ პოზიცია მაინც არ შეიცვალა. არსებული ინფორმაციით, დიპლომატიური დაპირისპირების ხელახლა გააქტიურების რისკებისაგან თავის ასარიდებლად და მასპინძლების არგაღიზიანების მიზნით, მარკ კარნიმ უარი თქვა, სწვეოდა პუნჯაბის რეგიონს, სადაც სიქხი სეპარატისტები ინდოეთისაგან გამოყოფასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ითხოვენ. აქ უნდა განიმარტოს, რომ სიქხებს კანადაში საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა აქვთ.

ინდოეთი კარნისთვის პირველი და ბოლო გაჩერება არ იქნება. მიმდინარე ტურნეს ფარგლებში კანადის პრემიერ მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ავსტრალიასა და იაპონიას ეწვევა, სადაც თავდაცვისა და კრიტიკული მინერალების სფეროში სტრატეგიულ მოლაპარაკებებს გამართავს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გლობალური გეოპოლიტიკური წესრიგის ტრანსფორმაციის ფონზე, ოტავა ე.წ. საშუალო ძალის სახელმწიფოებთან ახალი ალიანსების ჩამოყალიბებას ცდილობს. ანალიტიკოსების შეფასებით, კარნის ეს ტურნე მკაფიო სიგნალია ვაშინგტონისთვის, რომ კანადა სრულადაა ფოკუსირებული ეკონომიკური სუვერენიტეტის განმტკიცებასა და დივერისიფიკაციაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები