სხვა რომ არაფერი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მხოლოდ იმისთვის ღირდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნის სახელი მოვიშორებთ - ამის შესახებ BM.GE-ისთან Business Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსით ეხსნება გზა, ცხოვრების ხარისხიანი სტანდარტების დამკვიდრებისთვის.
"ყველა მხრივ ისტორიული მოვლენაა. ცალკეა ემოციები და ცალკეა რეალური პერსპექტივა, რაც ჩვენს ქვეყანას სტატუსით გაუჩნდა. მინდა გამოვეხმაურო ფაქტს, რომ ეს ქვეყნის იდენტობის ახალი ნაწილია. როცა ჩვენს ქვეყანას წარმოვაჩენთ, ძალიან ხშირად გვიჭირს ავხსნათ, რას წარმოადგენს ჩვენი საქართველო. ამ დროს, სტერეოტიპების დანგრევა, ერთ-ერთი უპირატესია და რომ მოვიშორებთ სახელს, პოსტსაბჭოთა ქვეყანა, მხოლოდ ამისთვის ღირდა სტატუსი, სხვას რომ არაფერს შევეხო. მოვლენები ისე სწრაფად იცვლება, რომ დრო რომელიც კანდიდატის სტატუსის მერე წევრობის შემდეგ გასაწევრიანებლად იყო საჭირო დაკორექტირდება.იმედია, ევროპამ კარგი გაკვეთილი მიიღო მიმდინარე მოვლენებით და პროცესები მნიშვნელოვნად დაჩქარდება.
მიმდინარე მოვლენებში ცხადია ვგულისხმობ, რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და გლობალურ საფრთხეებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უდიდესი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის. გვეხსნება გზა, ცხოვრების ხარისხიანი სტანდარტების დამკვიდრებისთვის. ასევე, ეს მოიცავს ყველა კუთხით და ყველა მიმართულებით წარმოებული პროდუქციის თუ ცხოვრების ხარისხს და უსაფრთხოებას. ასევე, დაგვეხმარება ინვესტორების მოზიდვაში. ადამიანებს დააინტერესებთ ჩვენი ქვეყანა. დამატებით, ჩვენი ევროკავშირთან დაახლოებისთვის საერთაშორისო ინსტიტუტები ფინანსურ რესურსს გამოყოფენ", - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ახლა სამოქალაქო და კერძო სექტორის და ყველა მოქალაქის ვალია, ერთად იმუშაოს წევრობისთვის. ხელისუფლებისთვის კი პასუხისმგებლობასთან ერთად, ერთგვარი გამართლებაა ამ ხანგრძლივი პროცესის შედეგის აღსრულების შანსი.
"ყველას უდიდესი როლი გვაკისრია. ყველა ჩვენგანის ვალია დათქმები, რომლებიც გვაქვს ერთად შევასრულოთ და მივაღწიოთ დაწესებულ სტანდარტებს. ევროპამ გვაჩვენა, რომ მზად არის მიიღოს საქართველო. დანარჩენი კი, რა თქმა უნდა, ჩვენი პირადი ვალდებულებაა.
რეფორმები ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის, რაღაც დონის ცვლილებებს ითხოვს, მაგრამ ეს არასოდეს უნდა გახდეს საფუძველი, რომელიმე ცვლილებაზე უარი ვთქვათ. პირიქით, ეს აჩენს ახალ შესაძლებლობებს ყველა დონეზე. ვფიქრობ, მთავრობამ ამის კაპიტალიზაცია უნდა მოახდინოს. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ამას გააკეთებს,ისტორიაში განსაკუთრებული სახელით დარჩება. მსგავსი მოვლენები იმდენად იშვიათად ხდება ისტორიაში, რომ რაღაც მხრივ გამართლება და იღბალია ამის უშუალო თანამონაწილე გახდე. ალბათ, ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, ამ ვადებში თუ მოხდებოდა, ასე ახლოს თუ ვიქნებოდით წევრობასთან და ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა Business Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა.