საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა, თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარმოადგინა, სახელწოდებით „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში“. აღნიშნული დოკუმენტი იმ ეკონომიკურ გავლენას შეისწავლის, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. ამ ეტაპზე, საქართველოს სამი ნაბიჯი აქვს გასავლელი - კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპის გავლა და შეთანხმებაზე ხელის მოწერა. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან, ქვეყნებს საშუალოდ 6 წელი დასჭირდათ. ისტორიულად, მოლაპარაკების პროცესი ყველაზე ხანგრძლივია და ის სახელმწიფოს ისეთ სფეროებსა და ასპექტებს ეხება, როგორებიცაა: ქვეყნის ფუნდამენტური საკითხები, ადგილობრივი ბაზარი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, მწვანე პოლიტიკის დღის წესრიგი და მდგრადი განვითარება, სოფლის მეურნეობა და საგარეო ურთიერთობები. როგორც თიბისი კაპიტალის კვლევების უფროსი, ირინა კვახაძე ამბობს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქვეყნებისთვის ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია და აისახება, როგორც ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტზე, ასევე ინვესტიციებზე და სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარამეტრებზე ახალი კვლევა, ტრადიციულად, ძალიან დეტალური და სიღრმისეულია, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ანგარიშში დეტალურად არის მიმოხილული, საქართველოს ძალიან ჰგავს. ეს ქვეყანა ბულგარეთია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2000-2006 წლებში, წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა. 2022 წელს, ბულგარეთის ექსპორტმა ევროკავშირში - 60% შეადგინა. წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, 2000-2006 წლებში, ბულგარეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ბულგარეთში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა, ასევე გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც, რამაც ხელისუფლებას უფრო იაფი კაპიტალის მოზიდვის საშუალება მისცა.