მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კანდიდატის სტატუსის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ხარისხი წყლის მიწოდების კონტექსტში, არ გაგვაჩნია“-ჭარაია

ჭარაია

„კანდიდატის სტატუსის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ხარისხი წყლის მიწოდების კონტექსტში, არ გაგვაჩნია,“- ამის შესახებ BMG-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ეკონომიკის ექსპერტმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, სერვისის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რამაც შესაძლებელია, გარკვეული დოზით ფასების მატება გამოიწვიოს.

„საზოგადოებაში ისეთი აზრი უნდა დავამკვიდროთ, რომ სრულად ბიზნესზე დაწოლა არ მოხდეს და მომხმარებელს არ ეგონოს, რომ წყალი, ელექტროენერგია თუ გაზი მას უფასოდ ეკუთვნის. პირობითად, ასეთი მსჯელობა, რომ საქართველო წყლის ქვეყანაა და წყალში ფულს არ უნდა ვიხდიდეთ. ეს ისეთივე პროდუქტია, როგორც ნებისმიერი სხვა, რომელსაც სუპერმარკეტებში ვყიდულობთ.

წყლის მიწოდების გაუმჯობესებისთვის ინვესტიციის გაღებაა საჭირო, რადგან პროცესში ათასობით ადამიანის საქმდება, ათასობით კილომეტრზე მილები ახლდება და ა.შ. ეს ხარჯები კი, წყალმომარაგების სფეროს უმსხვილესმა მოთამაშემ Aqualia უნდა გაიღოს, რომელიც ამ დარგში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა და ის არ არის წინამორბედი რუსული კომპანიებივით ე.წ ცხელი ფულის საშოვნელად შერბენილი, რომ მერე გაიქცეს. Aqualia დღეს საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური და მსხვილი ინვესტორია. შესაბამისად, ის აქ ტყუილად არ შემოსულა. შემოვიდა საქმის საკეთებლად.

ჩვენი კვლევის საფუძველზე, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სისტემურად გამართვა რამდენიმე მილიარდი დოლართანაა დაკავშირებული, რაც მათი მხრიდან სავსებით დაძლევადია,“ - აცხადებს ჭარაია.

მისივე თქმით, სემეკმა სერვისზე ფასების ზრდა ისე უნდა დაადგინოს, რომ მოსახლეობის ჯიბეზე მკვეთრად არ აისახოს და მათში პროტესტი არ გამოიწვიოს. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ამგვარი ტარიფების მატება, სერვისის გაუმჯობესებისთვისაა საჭირო.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის იანვარში, "აქვალიამ" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" აქციების 80% შეისყიდა. კომპანია თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სრულ ციკლს მართავს და 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება. ამ გარიგების შედეგად აქვალია საქართველოში დღეისათვის ყველაზე მსხვილი დარგობრივ ინვესტორი და წყალმომარაგების დარგში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები