2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან კანგაცლილი ნუშის ექსპორტი როგორც ღირებულების, ისე მოცულობის მიხედვით შემცირდა. პირველ შვიდ თვეში ქვეყნიდან $739 ათასი ღირებულების 92 ტონა ნუში გავიდა, მაშინ როცა 2025 წლის იმავე პერიოდში ექსპორტის ღირებულება $1.3 მილიონს, ხოლო მოცულობა 201 ტონას შეადგენდა.
შედეგად, ნუშის ექსპორტის ღირებულება წლიურად 43.2%-ით, ხოლო ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობა 54.2%-ით შემცირდა.
2026 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოსთვის კანგაცლილი ნუშის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო. ამ ქვეყანაში $346 ათასი ღირებულების, 46 ტონა ქართული პროდუქტი შევიდა. მეორე ადგილზე ირანია, სადაც ექსპორტმა $158 ათასი და 18 ტონა შეადგინა, მესამე ადგილზე კი ბელარუსია - $117 ათასით და 13.8 ტონით. საექსპორტო ბაზრების ხუთეულში ასევე არიან ნიდერლანდები, სადაც $112 ათასის ღირებულების 13 ტონა ნუში გავიდა, და სირია - $4 ათასის 1 ტონის ექსპორტით.
განსხვავებული სურათია იმპორტის მიმართულებით. 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში კანგაცლილი ნუშის იმპორტზე $2.488 მილიონი დაიხარჯა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 2%-ით მეტია. 2025 წლის პირველ შვიდ თვეში იმპორტის ღირებულება $2.443 მილიონს შეადგენდა.
ამასთან, იმპორტირებული ნუშის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2026 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 338 ტონა კანგაცლილი ნუში შემოვიდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი - 433 ტონა. შესაბამისად, იმპორტის მოცულობა 21.9%-ით არის შემცირებული. ანუ, მიმდინარე წელს საქართველომ ნუშის შედარებით ნაკლები რაოდენობა შემოიტანა, თუმცა მასში თითქმის იგივე, ოდნავ მეტი თანხა გადაიხადა. ეს კი იმპორტირებული პროდუქციის საშუალო ფასის ზრდაზე მიუთითებს.
კერძოდ, 2025 წლის იანვარ-ივლისში 1 კილოგრამი იმპორტირებული კანგაცლილი ნუშის საშუალო ღირებულება დაახლოებით $5.64 იყო, 2026 წლის იმავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი $7.36-მდე გაიზარდა. შესაბამისად, ერთი კილოგრამის საშუალო საიმპორტო ღირებულება დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი.
2026 წლის პირველ შვიდ თვეში კანგაცლილი ნუშის მთავარი საიმპორტო ქვეყანა თურქეთი იყო - $962 ათასი და 137 ტონა. მას მოჰყვება ესპანეთი - $775 ათასი და 103 ტონა, ხოლო მესამე ადგილზე აშშ-ია - $556 ათასი და 78 ტონა.
იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან ბელარუსი, საიდანაც $95 ათასი ღირებულების 11 ტონა ნუში შემოვიდა, და გერმანია - $61 ათასით და 5 ტონით.




























