მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები ძალაში შევიდა, პრაქტიკაში ცვლილებები თითქმის არ იგრძნობა და კანონი ამ ეტაპზე „მხოლოდ ქაღალდზეა,“ - ამის შესახებ BMG-სთან „სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის“ პრეზიდენტი ელზა ბებია საუბრობს.
მისი თქმით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიუხედავად, ტურისტულად აქტიურ ზონებში - მცხეთაში, ანანურსა და ძველ თბილისში - უცხოელი გიდები კვლავ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე განაგრძობენ მუშაობას.
„აღსრულების ნაწილში, კანონი ჯერ მხოლოდ ქაღალდზეა. ანუ რამე ისეთი ქმედითი ნაბიჯები ჯერჯერობით, არ გადადგმულა. ჩვენ არ გვაქვს, მაგალითად, ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რამდენი კომპანია დაჯარიმდა, დაჯარიმდა თუ არა საერთოდ, ვინმე? რომელიმე უცხოელი გიდის მიმართ რამე ღონისძიება გატარდა თუ არა? ჩვენ ვთხოვეთ შრომის ინსპექციას, გადმოეგზავნა ოფიციალური მონაცემები, რაზეც გვითხრეს, რომ იქმნება კომისია, რომელიც დაიწყებს პატრულირებას და რეიდს. ჯერჯერობით ველოდებით ამ კომისიის შექმნას. მანამდე კი, პრაქტიკულად მდგომარეობა არ შეცვლილა. აი, რომ გაიაროთ ტურისტულ ადგილებში, უცხოელი გიდები შეუფერხებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე კვლავ აგრძელებენ მუშაობას“ - აცხადებს ელზა ბებია BMG-სთან.
მიუხედავად აღსრულების პრობლემებისა, ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ კანონის მიღებამ ბაზარზე გარკვეული შიში მაინც გააჩინა. კერძოდ, მსხვილმა „მონოპოლიურმა“ კომპანიებმა, რომლებიც მანამდე მხოლოდ უცხოურ კადრებს იყენებდნენ, ადგილობრივი გიდების მოძიება დაიწყეს, რათა სამომავლო სანქციებისგან თავი დაიზღვიონ.
„მაგალითად, დაახლოებით, ხუთი დღის წინ ჩემს ჯგუფს დავხვდი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან. ზოგადად, საზღვარზე ძალიან კარგად ჩანს ჯგუფებს ვინ ხვდება - ადგილობრივი გიდები თუ უცხოელები. ადრე, იქ ჩანდა, რომ დიდი რაოდენობა იყო - ძირითადად, უცხოელი გიდების. ერთი კვირის წინ კი, ყველა გიდი იყო ადგილობრივი, არცერთი უცხოელი გიდი არ ყოფილა.
სხვადასხვა გიდებისგან, კომპანიებისგანაც მაქვს ინფორმაცია, რომ ისეთი მონოპოლიური კომპანიები, რომლებიც საერთოდ, საჭიროდ არ თვლიდნენ ადგილობრივი კადრების ჩართვას, ადგილობრივი კადრების მოძიება დაიწყეს. რატომღაც, გარკვეული შიში გაჩნდა - ვაიდა მართლა აღსრულდეს ეს კანონი და საერთოდ არ დარჩნენ გიდების გარეშე“ - აცხადებს ელზა ბებია.
ამასთან, მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პორტალზე 1 ივნისიდან გიდების რეგისტრაცია გრძელდება. ელზა ბებიას შეფასებით, სისტემა მოქნილია, თუმცა სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს ზუსტი მონაცემები ქვეყანაში არსებული გიდების საერთო რაოდენობის შესახებ.
1 მაისიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებზე აღსრულება ოფიციალურად დაიწყო. დადგენილების მიხედვით, მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა.
ახალი წესის №3 დანართის მიხედვით, შემდეგ საქმიანობებზე დაწესდა ნულოვანი კვოტა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ამ სფეროების ჩაკეტვას უცხოელებისთვის:
საკურიერო მომსახურება - კვოტა 0;
მგზავრების გადაყვანა (ტაქსი/ტრანსპორტი) კვოტა 0;
გიდების სერვისი - კვოტა 0.
კანონის ნორმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას. ფინანსური სანქციები გავრცელდება როგორც კომპანიებზე, ისე დასაქმებულებზე, მათ შორის თვითდასაქმებულ უცხოელებზეც.




























