მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კანონი არ დარღვეულა“ - ფარმაცევტული ბიზნესი ჯანდაცვის სამინისტროს პასუხობს

63f740f7282fe
ელენე გოგბერაშვილი
23.02.23 14:34
907
„იმ მედიკამენტებზე, რომელზეც არ არის რეფერენტული ფასი დაწესებული, ყველა კომპანია თავად გადაწყვეტს, რა ფასები დაადოს თავის პროდუქტს“, - ასე ეხმაურება ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებებს.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო ცალკეულ ფარმაცევტულ კომპანიებს არაკეთილსინდისიერ ქმედებაში და ფასების ხელოვნურად ზრდაში ადანაშაულებს, რადგან სამინისტროს განცხადებით, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ადგილი ჰქონდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურ მატებას.

ფარმაცევტული კომპანიებისთვის სამინისტროს ეს ბრალდება მიუღებელია. როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი bm.ge-სთან განმარტავს, არცერთი კომპანიის მხრიდან რეფერენტული ფასების ზედა ზღვარის შესახებ კანონი არ დარღვეულა და იმ მედიკამენტებზე, რომელიც არ ექცევა რეგულირების ქვეშ კომპანიები თავისუფალნი არიან ფასების ცვლილება მოახდინონ.

“რეფერენტული ფასების დაწესების ვალდებულება ყველა კომპანიას აქვს, ეს ვადები ყველასთვის არის საერთო და ყველა კომპანია ამ ვადების დედლაინში ცვლის და ჰარმონიზებას უკეთებს თავის ქსელში არსებულ ფასებს. მე არ მაქვს ფაქტების თაობაზე ინფორმაცია, რომ დაირღვა რეფერენტული ფასის ზედა ზღვარი.

ვერავინ დაადანაშაულებს კომპანიას იმაში, რომ მან რეფერენტულ ზღვარში მოახდინა რაღაც პოზიციების ცვლილება. ეს არის ცოცხალი სამუშაო პერიოდი, ამ პერიოდში ხდება ბაზრის ადაპტირება, შესაბამისად ბიზნესი ადაპტირებას აკეთებს, ფასები უნდა მოექცეს რაღაც ზღვარში და მათ უნდა გათვალონ თავისი პოზიციები, თავისი მარჟები, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი და ბრალის დადება წინასწარ იმაში, რომ ვინმემ რაღაცა შეცვალა, არის უბრალოდ მიუღებელი, რადგან რაც მთავარია, არ დარღვეულა კანონი. ვერ ვხვდები რა არის ბრალდების საფუძველი, დაირღვა სადმე რეფერენტული ფასის ზედა ზღვარი? თუ არ დარღვეულა რეფერენტული ფასის ზედა ზღვარი, ე.ი კანონი არ დარღვეულა.

არის ჯგუფი მედიკამენტების, რაზეც დაწესებულია ზღვრული ფასი, ანუ ყველა კომპანიას კანონით აქვს უფლება ამ ზღვარს ქვემოთ ითამაშოს თავის მარჟებით და ფასებით, ამაში რა არის კანონდარღვევა?!“,-აცხადებს ილონა კოკიაშვილი.

მისი თქმით, თურქულ მედიკამენტებზე ფასების ცვლილებაზე გავლენა ჰქონდა თავად თურქეთში წამლების გაძვირებასაც.

„რატომღაც არავინ ითვალისწინებს იმას, რომ ბოლო 3-4 თვის განმავლობაში დაახლოებით 37%-ით გაიზარდა ფასები მომწოდებლების მხრიდან, თურქეთში გაიზარდა ფასი წამლებზე, ასევე შეიზღუდა რაოდენობა და სახეობები, რომელთა იმპორტი ხდება თურქეთიდან, შესაბამისად, რაღაც რიგი ცვლილებები ფასის ნაწილში თურქულმა მედიკამენტებმა ისედაც განიცადა“, - განმარტავს კოკიაშვილი.

რაც შეეხება სამინისტროს კიდევ ერთ ბრალდებას, უწყების წინასწარი შეფასებით, ფასების ერთდროულად გაზრდის პროცესში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაზეც წინასწარი შეფასების მომზადება უკვე დაიწყო კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ.

„შეთანხმებულ ქმედებას საერთოდ გამოვრიცხავ, რადგან ვადები [რეფერენტულ ფასებზე გადასვლისთვის] ყველა კომპანიისთვის არის მიცემული ერთნაირი, შესაბამისად რაღაც პერიოდში ხდება ფასების გადახედვა, რომ დედლაინი არ დაირღვეს. სხვა მედიკამენტებთან დაკავშირებით თავისუფალ ფასთწარმოქმნის პირობებში კომპანიის გადასაწყვეტია თავად როგორ მოახდენს ფასების ცვლილებას. ამაში ვერავინ ვერ ჩავერევით“, - განმარტავს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები