ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს ვერ შეცვლის, რადგან ეს კურსი ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი. ამის შესახებ ბორჯომში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ტყუილს უწოდეს, საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებას, რომ „რუსული კანონის“ მიღებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამის შესახებ აცხადებენ, როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი პარტნიორები. ირაკლი ღარიბაშვილი კი ამ საკითხს ასე აფასებს:
„დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, რომ კანონი ცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსს. როგორ შეიძლება კანონმა კურსი შეგვიცვალოს? [ჟურნალისტის პასუხი: - სტატუსებს ანიჭებს პირებს] სხვა რამეა, წესით თუ უცხო სახელმწიფოს ემსახურება ესა თუ ის ორგანიზაცია, ასეთი ორგანიზაცია უნდა დაიხუროს, პირდაპირ, ყოველგვარი ცერემონიების გარეშე და ასეთი პირი უნდა იყოს დასჯილი. ეს პირადად ჩემთვის სისხლის სამართლის დანაშაულია.
საგარეო პოლიტიკის კურსი ჩვენ მრავალი წელია გატარებული გვაქვს და ჩვენივე ინიციატივით ჩვენმა გუნდმა „ოცნებამ“ კონსტიტუციაში ჩაწერა და განსაზღვრა საგარეო პოლიტიკის კურსი. როგორ შეიძლება კანონი კონსტიტუციაზე აღმატებული იყოს - ეს პრიმიტიულია, ელემენტარული საკითხია და ამიტომ ნუ ატყუებთ ხალხს.
კანონი არაფერს შეცვლის, შეიძლება ეს კანონი ვინმესთვის მიუღებელი იყოს, სახელზეა პრობლემა ? ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ, ყვირილი და ხმაური კი არ იყოს საჭირო, მშვიდი საუბარი იყოს საჭირო, პარლამენტში დისკუსია, გონივრული, ნაციონალური, რომ სახელი ეს არ მომწონს, ამიტომ და ამიტომ, მოდი ეს ჩავწეროთ ... სახელზე იყო შეთავაზება, რომ თუ არ მოსწონდათ შეგვეცვალა, მარა არ უნდათ იმიტომ რომ დესტაბილიზაცია აწყობდათ“.