მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანონი [FARA] ძალაში 31 მაისიდან შედის და დღემდე არაა მიღებული კანონქვემდებარე აქტები - თამთა მიქელაძე

თამთა მიქელაძე

„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ [FARA] 31 მაისიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა კანონქვემდებარე აქტები ამ დრომდე მიღებული არაა. ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ "საქმიან დილაში" ისაუბრა.

მისი განმარტებით, ამერიკის შემთხვევაში პრეცედენტული სამართლის სისტემა მოქმედებს და ამ კანონის საფუძველზე ათეულობით განმარტებაა მიღებული, რომელსაც იუსტიციის დეპარტამენტი იძლევა. ჩვენს რეალობაში კი, არის ბუნდოვანი კანონი, რომელთან მიმართებითაც კვლავ მრავალი კითხვა და ბუნდოვანებაა.

"დღემდე არაა მიღებული კანონქვემდებარე აქტები შესაბამისად ამ კანონს უკავშირდება ძალიან ბევრი ბუნდოვანება მათ შორის აღსრულების ნაწილში - როდიდან შეიძლება დაიწყოს იგივე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რა მანდატი აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს აღსრულების პროცესში და ა.შ. მიუხედავად ბიუროს მხრიდან დაპირებისა, რომ კანონქვემდებარე აქტებს გამოაქვეყნებდნენ 28 მაისისთვის, ვხედავთ რომ ჯერაც არაა გამოქვეყნებული. რაც გააკეთეს ისაა, რომ ვებგვერდზე წარმოადგინეს ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების სახით გარკვეული შინაარსების წარმოდგენა, რომელიც მეტწილად კანონის ტექსტებს იმეორებს და ძალიან ბევრ კითხვას წარმოშობს.

თუ მხოლოდ ამ ტექსტს დატოვებენ და აღმოჩნდებიან ბრმა იმ ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკის მიმართ, რაც ამერიკაშია და არ შექმნიან კანონქვემდებარე აქტებს, რომელიც შესაბამისობაში მოვა ამერიკულ სტანდარტებთან, ეს გამოიწვევს ამ კანონის ძალიან ფართო, ბუნდოვან გამოყენებას. იმედი მაქვს, საბოლოოდ ანტიკორუფციული ბიურო რაღაც სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა. [რაჟდენ კუპრაშვილთან] შეხვედრებზე დამსწრე პირებისგან რაც მოვისმინეთ, ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ ამ ინსტიტუტმა ჯერ ვერ გაიაზრა ამერიკაში ეს კანონი როგორ მოქმედებს. ისეთ პასუხებს სცემდნენ კითხვებს, რომ აშკარა იყო, იქაური პრაქტიკა არ იცოდნენ.

მაგალითად, ბატონი რაჟდენი საუბრობდა, რომ მას აქვს უფლება ამ კანონის ფარგლებში, რომ ორგანიზაციებს გაუყინოს ანგარიშები, რაც რეალურად მის მანდატში არაა. იურიდიული შეცდომაა წაიკითხო მხოლოდ ამერიკული კანონი და უგულებელყო მის უკან მდგარი სასამართლო გადაწყვეტილებები. მარტო კანონის წაკითხვის ჩარჩოშიც კი არ ჯდებოდა ბატონი რაჟდენ კუპრაშვილის განმარტებები.

კონტროლის ტესტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ შენ უცხოური ინტერესების გამო მოქმედებ ასე, თვალთახედვიდან აქვს გამქრალი ბატონ კუპრაშვილს და კავშირი, რა ტიპის გამოხატვასა და დაფინანსების წყაროს შორის, გაწყვეტილია. ეს ძალიან თვითნებური და ბუნდოვანი წაკითხვაა ამ კანონის",- ამბობს თამთა მიქელაძე.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა კანონი მაგალითად საელჩოების თანამშრომლებსაც შეეხოთ, როგორც უცხოური დაფინანსების მიმღებებს, ის აღნიშნავს, რომ კანონი მათ ქართველ თანამშრომლებზეც ვრცელდება.

"ასეთი განმარტება მისცეს, რომ მათ შორის საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ქართველი თანამშრომლების შესახებ მონაცემები ასევე უნდა გაიგზავნოს და მათზე კანონი ვრცელდება, რაც აბსურდია და მათ შორის ვენის კონვენციასთან მოდის შეუსაბამობაში და იმ საერთაშორისო ვალდებულებებთან, რომელიც საქართველოს აქვს აღებული",- აცხადებს თამთა მიქელაძე.

რა წერია "ოცნების FARA-ში"?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები