ბიუროზე უკვე დარეგისტრირდა და საკანონმდებლო ორგანოში დაიწყება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქციის საკომიტეტო განხილვები, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ, თუ ისინი საქართველოში არ ჩამოვლენ და კონტროლირებად ტერიტორიაზე არ მისცემენ ხმას.
საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება
კანონპროექტის მთავარი ცვლილებები:
-
უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლების მონაწილეობა: მომავალში საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში;
-
სააღრიცხვო ბარათის წარდგენა აღარ იქნება საჭირო. კანდიდატებმა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის თანხმობის ფორმა უნდა შეავსონ, სადაც აღინიშნება ბინადრობის ცენზი და პარტიული კუთვნილება.
-
კანდიდატების წარდგენა და რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები: პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფი წარადგენს უპარტიო კანდიდატს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის რეგისტრაცია ან გაუქმდება, ან არ მოხდება.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულია:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ფოტოვიდეოგადაღების წესების დაზუსტება;
- საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განკარგულების გამოწერა შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ;
- კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების წესების შეცვლა, რათა პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდეს.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან "ოცნების" წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.




























