1 აპრილიდან საქართველოში პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება აიკრძალა. ბიზნესსექტორი აცხადებს, რომ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოების გადაწყობაზე მეტად რეგულაციების არაერთგვაროვანი აღსრულება წარმოადგენს.
მეწარმეებისთვის ასევე გაუგებარია, რატომ გადავადდა შეზღუდვა პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდებაზე 4 წლით, მაშინ როცა საკვები კონტეინერების იმპორტსა და რეალიზაციაზე ბუნდოვანი შეზღუდვები მოქმედებს.
კომპანია “ლანჩ გრუპის” დამფუძნებელი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ზოგიერთი სავაჭრო ქსელი პლასტმასის კონტეინერების მიღებაზე უარს ამბობს, მაშინ როცა სხვა ობიექტები იგივე პროდუქციას თავისუფლად ყიდიან.
პრობლემაა სახელმწიფოსთან კომუნიკაციის ნაკლებობაც. ნინო მელაძე ამბობს, რომ მათ არაერთხელ სცადეს პასუხების მიღება კონკრეტულ ვადებსა და წესებზე დარგობრივი უწყებისგან, თუმცა ამ დრომდე ღია კითხვები უპასუხოდ რჩება.
“პლასტიკის ჭურჭელი ჩავანაცვლეთ, მაგრამ დანამ საერთოდ არ გაამართლა. მაქვს, მაგრამ მოთხოვნა არ დგას ამ დანების. კოვზს და ჩანგალს რაც შეეხება, იმ დანიშნულებას ვერ ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩავანაცვლე. მოვიტანე და გვაქვს, მაგრამ ის რაოდენობა არ იყიდება, რასაც ვყიდდი.
რაც შეეხება პლასტმასის კონტეინერებს, იმპორტს ისევ ვახორციელებ, იმიტომ რომ ყველა ჩამოტანას, იმპორტს მოჰყვება თავისი ბიოლოგიური დასკვნები, რომ თავსებადია კვებასთან და არანაირ პრობლემას არ ქმნის და უსაფრთხოა და მოჰყვება სერტიფიკატებიც, დასკვნებიც ლაბორატორიული, მიტანილიც მაქვს ჩვენს სოფლის მეურნეობის სამინისტროში და ასე რომ, იმპორტი მე არ შემზღუდავია.
თუმცაღა ერთ-ერთი ქსელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემოგაქვს და აკეთებთ იმპორტს, მე კონკრეტულად ამიკრძალეს ამაში მომხმარებელს ჩავუდო საკვები პროდუქტი და გავატანოო. თუ ბოთლებში წყლის ჩასხმა შეიძლება, არის უსაფრთხოა და არ აბინძურებს გარემოს, იგივე სალათის კონტეინერი ზუსტად იმ მასალით, რატომ არ არის უსაფრთხო?!. ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ.
როცა ტვირთი მზად არის, რომ საზღვარი გადმოკვეთოს, მე თვითონვე წინასწარ თადარიგს ვიჭერ და მარტივი შეკითხვით მივმართავ [შესაბამის უწყებებს]: რა პერიოდში შემიძლია რომ კიდევ განვახორციელო პროდუქციის შემოტანა, ისე არ მოხდეს, რომ საზღვარზე განბაჟების წინ გავჩერდე და უკან გასაბრუნებელი გამიხდეს. ვინმე თუ არის კომპეტენტური პირი, რომელიც მეტყვის, რომ მეტ ჭიქას ვეღარ შემოიტან პოლიპროპილენს, მეტ პეტისგან დამზადებულ კონტეინერს ვეღარ შემოიტან, ამისი პასუხი ასე კონკრეტულად არავის არა აქვს.
იმპორტიორებიც ერთმანეთთან ვცვლით ინფორმაციას. ისევ დაშვებულია მაგალითად ქაღალდის ჭიქისთვის ყავისთვის რომ თავსახური დაეხუროს? ამასაც ძალიან ბევრი კითხულობს. კონკრეტული პასუხი მე არავისგან არაფერი არ მაქვს. ჩემთვის არავის არ დაურეკავს და არ უთქვამთ, რომ აღარ გაყიდო ჩვენ ჩვენს თავს ვუვლით, ჩვენს ბიზნესს უვლით ასე.
რატომ მოხდა, რომ ბოთლებით [სასმლის მიწოდება] გახდა დასაშვები და რატომ არა ჩვენთვისაც ყოფილიყო რეგულაცია ოთხი წლით გადავადებული?!. მე მაგალითად ძალიან გამიკვირდა. თუ კანონი არსებობს ყველასთვის თანაბრად უნდა არსებობდეს”,-აცხადებს ნინო მელაძე.
კითხვებს აჩენს პლასტიკის ალტერნატივების ხარისხიც. როგორც ნინო მელაძე განმარტავს, დაბალი ხარისხის ქაღალდის შეფუთვა, რომელიც ცხელ ან გაყინულ საკვებთან შედის კონტაქტში, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის ისეთივე საფრთხის შემცველი იყოს, როგორც პლასტმასი, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრ ლაბორატორიულ კონტროლს საჭიროებს.



























