ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის, 250 კომპანიას გაფრთხილება მიეცა.
ამასთან, აღნიშნული 250 კომპანიიდან, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 30 მათგანი გადამოწმდა და განმეორებითი დარღვევების გამო, 25 კომპანიას ფულადი სანქცია დაეკისრა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ცნობით, ამ შემოწმებების ფარგლებში გაცემული მაქსიმალური ჯარიმის ოდენობა 11 ათას ლარს შეადგენს, თუმცა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი 100–დან 50 ათას ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებს, ისევე როგორც გაფრთხილებასა და საქმიანობის შეჩერებას.
ამ სტატისტიკაზე BM.GE-თან საუბრისას, ბექა ფერაძე აღნიშნავს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და კონტროლთან დაკავშირებით საზოგადოების დაკვეთა დიდია, რასაც შრომის ინსპექცია გაზრდილი მანდატით მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან უპასუხებს.
„1 სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე ვრცელდება ანუ შრომის ინსპექციის მანდატი იზრდება. მანდატის გაზრდა მოგვცემს ჩვენ იმას, რომ აღსრულებასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს, გაქარწყლდეს და შრომის ინსპექციამ სრულფასოვნად შეძლოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
თუმცა მხოლოდ შრომის ინსპექცია ვერ იქნება ჯადოსნური ჯოხის მატარებელი ორგანო, თუ ამ პროცესში არ იქნა მაღალი სამოქალაქო ჩართულობა და კომპანიის მხრიდან იმ პასუხისმგებლობების გაზიარება, გათვითცნობიერება, რომელიც მათ შრომის უსაფრთხოების კანონის მიხედვით აქვთ, ამიტომ აღსრულების ნაწილს რაც შეეხება, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას ბუნებრივია, თუმცა ამ პროცესში ნამდვილად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა კომპანიებმა, დანიშნონ უსაფრთხოების სპეციალისტები, კვალიფიციური, რომელიც დაიცავს დასაქმებულებს სამუშაო ადგილებზე“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი კანონის საფუძველზე, შრომის ინსპექტორები ეკონომიკური დარგების მხოლოდ იმ წარმომადგენლებს ამოწმებენ, რომელთა საქმიანობა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხას განეკუთვნება. თავის მხრივ, აღნიშნული ნუსხა მთავრობის დადგენილებით რეგულირდება.

























