მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კანონმა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ტურიზმის ინდუსტრიაში... საფრთხეშია ტურისტული სეზონის წარმატება" - "ტურიზმის ალიანსი"

ინტრურისტი

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, არ უჭერს მხარს დისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს დონორ ორგანიზაციებთან გაერთიანების თანამშრომლობის ფორმატს, ქვეყნის სამსახურში მყოფი ორგანიზაციების რეპუტაციასა და მისიას, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც "რუსულ კანონს" ეხება:

"საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ტურიზმის სფეროში ჩართული მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ხმა და 20-ზე მეტი დარგობრივი ასოციაციის გამაერთიანებელი ორგანიზაციაა.

ალიანსი ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან პარტნიორობითა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, აქტიურად არის ჩართული და მონაწილეობს ტურიზმის მიმდინარე რეფორმებში, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობის ევროდირექტივებთან დაახლოების მიმართულებით.

ამ გზაზე, სწორედ კერძო-საჯარო დიალოგია პრიორიტეტული, რადგან რეფორმების გატარების პროცესში ვემსახურებით კერძო სექტორს და ვმოქმედებთ აღნიშნული ნდობის მანდატით.

ჩვენ ვართ გაერთიანება, რომლის მიზანს დარგის ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობა და გაძლიერება წარმოადგენს.

მიღებულმა კანონმა - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მკვეთრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ტურიზმის ინდუსტრიაში.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ქვეყანაში არასტაბილური გარემო შექმნა. ნეგატიური შეფასებები კეთდება ყოველდღიურად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც, რომლებიც იმავდროულად წარმოადგენენ ქვეყნებს, საიდანაც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია ყველაზე სასურველ ტურისტებს ელოდება.

ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ვითარება საფრთხეს უქმნის ტურისტული სეზონის წარმატებას. აღნიშნული სიტუაცია აფერხებს ტურიზმის ინდუსტრიის თანმიმდევრულ, მდგრად განვითარებასა და ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციის გზით.

თხოვნით მივმართავთ სახელმწიფო უწყებებს, განმუხტონ დაძაბულობა და დაპირისპირება მოქალაქეებს შორის, უზრუნველყონ ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი გარემო, რათა ქვეყანამ შეძლოს მნიშვნელოვანი წინსვლა და განვითარება ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, არ უჭერს მხარს დისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს დონორ ორგანიზაციებთან გაერთიანების თანამშრომლობის ფორმატს, ქვეყნის სამსახურში მყოფი ორგანიზაციების რეპუტაციასა და მისიას.

ტურიზმის სფეროში ჩართული ასოციაციების როლი და მანდატი არ არის "უცხოური გავლენის" გატარება.

ორგანიზაცია ემსახურება ნამდვილ, ეროვნულ, ქართულ საქმეს და არ იმსახურებს "უცხოური გავლენის აგენტის" სტატუსს საკუთარ ქვეყანაში", - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ბორდი აწერს ხელს შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია/Georgian Ecotourism Association;
Georgian Tourism Association -GTA; საქართველოს ტურიზმის ასოციაცია;
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია • Georgian Sommelier Association;
Aviacommunicator • ავიაკომუნიკატორი;
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია • Georgian Craft Association;
საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია • Gastronomic Association of Georgia;
გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები