სასოფლო-სამეურნეო სანიშნულების მიწის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს შეზღუდვებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვის შემთხვევისათვის.
პროექტის მიხედვით, დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის, ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის სასარგებლოდ. ასევე იკრძალება იურიდიული პირის მიერ წილის იმ ოდენობით გაყიდვა, რომლის შედეგადაც წილის 50%-ზე მეტი შესაძლოა გახდეს უცხოელი ან უცხოური საწარმო.
კანონპროექტის მიხედვით, თუ იურიდიული პირის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, დაუშვებელია:
• წილის/აქციის/პაის იმ ოდენობით გასხვისება ან პარტნიორთა იმგვარად შეცვლა, რომლის შედეგად დომინანტი პარტნიორი გახდება უცხოელი
• აქციების/აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდების იმ რაოდენობით საჯარო შეთავაზება, რომლის შედეგად შესაძლოა იურიდიული პირის აქციათა/აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდების 50%-ზე მეტის მესაკუთრე (მფლობელი) გახდეს უცხოელი
• წილის/აქციების/პაის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის სასარგებლოდ იმ ოდენობით, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად, გირაოს საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში დომინანტი პარტნიორი გახდება უცხოელი.
ამასთან, თუ იურიდიული პირის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და წილის/აქციის/პაის შეძენის ან პარტნიორობის (სპს-ის და კს-ის კომპლემენტარების შემთხვევაში) სურვილს გამოხატავს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, უნდა დგინდებოდეს ამ უკანასკნელი იურიდიული პირის ან/და მისი პარტნიორი იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრე.

























