მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონპროექტი, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

61cc8f6f5df30
BM.GE
29.12.21 20:38
708
პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით, 13 წინააღმდეგ მიიღო.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, მის ნაცვლად კი ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

„საკანონმდებლო ცვლილებებით ხდება ორი დამოუკიდებელი სამსახურის ინსტიტუციური მოწესრიგება, რომელთაგან ერთი იქნება პასუხისმგებელი პერსონალური მონაცემების დაცვაზე და დამუშავებაზე, ხოლო მეორე იქნება დამოუკიდებელი ინსტიტუცია გამოძიების ნაწილზე, გარკვეულ სამოხელეო დანაშაულებებთან მიმართებაში და ორივე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იფუნქციონირებს კიდევ უფრო მაღალი დამოუკიდებლობის სტანდარტით. ეს მოდელი იქმნება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით“, - განაცხადა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის წარდგენისას, ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა რატი იონათამიშვილმა.

სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები წარადგინა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლების ორ ახალშექმნილ სამსახურში დასაქმებას ითვალისწინებს. მისი განმარტებით, აღნიშნული საკითხი ინიცირებულ პროექტში მეორე მოსმენით მიღებამდე აისახება.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არის ცხრა დეპარტამენტი, სადაც დაახლოებით 120 თანამშრომელია. გვქონდა კონსულტაციები, შემუშავებულია პროექტი და გვაქვს ასეთი წინადადება: საგამოძიებო დეპარტამენტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს ავტომატურად, კანონის ძალით საკუთარი პოზიციები შეუნარჩუნდეს. შესაბამისად, ისინი წარმოდგენილი იქნებიან ახალ საგამოძიებო სამსახურში. რაც შეეხება, საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტს და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, ეს ის დეპარტამენტებია, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვას ეხება. გთავაზობთ, რომ ამ დეპარტამენტების თანამშრომლები ავტომატურად, უკონკურსოდ წარმოდგენილი იყვნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ სამსახურში. შედარებით რთულია საკითხი, რაც ადმინისტრაციული ფუნქციების მატარებელ დეპარტამენტებს უკავშირდება. ადმინისტრაციული ფუნქციებით შვიდი დეპარტამენტია დატვირთული. ამ შემთხვევაში გთავაზობთ, რომ თანამშრომლებს საკუთარი არჩევანისა და ნების შესაბამისად მიეცეთ ამ ორ ახალ სამსახურში გადანაწილების საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები