თუ უცხოელი მიწას არ დაამუშავებს, მისი გაყიდვა მოუწევს, - შესაბამის ცვლილებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტარმა ოთარ დანელიამ მოამზადა.
კანონპროექტის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქე შესაძლოა ფლობდეს მიწას თუ მიწა მიიღო მემკვიდრეობით ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წარმოეშვა მართლზომიერი მფლობელობის უფლება;
მართლზომიერი მფლობელობის უფლების მისაღებად უცხოეთის მოქალაქეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დასჭრდება. ამისთვის კი ის მთავრობას საინვესტიციო გეგმას წარუდგენს. თუ გეგმით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდება, უცხოეთის მოქალაქე ვალდებულია 1 წლის ვადაში გაასხვისოს მიწის ნაკვეთი.
ამასთან, უცხოელს, რომელსაც გააჩნია მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია 2 წლის ვადაში გაასხვისოს მიწა (გარდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა), თუ არ დაამუშავებს მიწას.
ორწლიანი ვადა აითვლება მიწის გამოყენების/დამუშავებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციის წარმოების შესახებ მოთხოვნის შეუსრულებლობის შესაბამისი კალენდარული წლის 31 დეკემბრიდან.
თუ ვალდებული პირი ვერ უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებას, მან ვადის გასვლიდან ერთ თვეში უნდა მიმართოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის მიზნით.
თუ პირი არ ეთანხმება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის პირობებს, მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა წარმოებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესაბამისად.