მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანონპროექტის განმარტებით ბარათში არაა პროგნოზირებული რამდენი მილიონი ლარის ეფექტი ექნება განბაჟების აქციზის ზრდას

ავტომობილები

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მსუბუქი ავტომობილების განბაჟების აქციზი იზრდება, მათ შორის 6 წლამდე ასაკის ავტომობილებზეც. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატებმა დაარეგისტრირეს.

დოკუმენტის თანახმად, 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი ერთიანი გახდება და ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარს შეადგენს. 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის კი გადასახადი 4.5 ლარამდე გაიზრდება.

უფრო დეტალურად, აქციზის განაკვეთები ასე გადანაწილდება:

  • 1 წლამდე ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 1 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 2 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 3 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.4 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 7%;
  • 4 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.2 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 25%;
  • 5 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 50%;
  • 6 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 88%;

მაგალითად, თუ ამჟამად 6 წლის და 2.5 ლიტრიანი ძრავის მქონე ავტომობილის განბაჟების აქციზი დაახლოებით 2 ათას ლარს შეადგენს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ის 3 750 ლარამდე გაიზრდება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეღავათს ჰიბრიდულ ავტომობილებზე — 6 წლამდე ასაკის ჰიბრიდებისთვის აქციზის განაკვეთი 60%-ით შემცირებული დარჩება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებების მიზანია ავტოპარკის განახლების ხელშეწყობა და გარემოზე ზემოქმედების შემცირება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი 6 წელზე მეტი ასაკისაა, რაც უარყოფითად აისახება ჰაერის ხარისხზე, საგზაო უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტიანობაზე. ავტორების შეფასებით, მოქმედი დაბეგვრის სისტემა ვერ ქმნის საკმარის სტიმულს შედარებით ახალი ავტომობილების იმპორტისთვის.

ამასთან, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ აქციზის გაზრდამ შესაძლოა შეამციროს 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი, თუმცა იმპორტიორთა ნაწილის უფრო ახალ ავტომობილებზე გადართვის შემთხვევაში, ბიუჯეტში შემოსავლების შემცირება შესაძლოა დაბალანსდეს.

მიუხედავად ამისა, დოკუმენტში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული პროგნოზი, თუ რა მოცულობის — რამდენი მილიონი ლარის — გავლენა ექნება ცვლილებებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე. არსებული მონაცემებით, 2025 წელს ავტომობილების განბაჟების აქციზიდან ბიუჯეტში 329 მილიონი ლარი შევიდა.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივა მთავრობის მიერ არის წარმოდგენილი, თუმცა პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები