BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში რუსულ კანონს საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია აფასებს და აღნიშნავს, რომ კანონპროექტის განხილვა კონსტიტუციის უგულებელყოფაა.
“კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით მსჯელობა, ალბათ, ისეთი დანაშაულია, როგორც ამ კანონპროექტის მიღება. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. ახლა ჩვენი ხელით ვხევთ კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალს ვშლით.
არ მაქვს ინტერესი, რომ კანონპროექტი წავიკითხო. დროს არ დავკარგავ იმიტომ, რომ გაცილებით მეტი მაქვს გასაკეთებელი ჩემი ქვეყნისთვის, რომ მაგისთვის თუნდაც 2 წუთი დავკარგო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერი ევროპელის და ამერიკელის საკმაოდ მძიმე და მკაფიო განცხადებები იყო. გარდა ამისა, ევროპარლამენტარების, დაახლოებით, 90%-მა მიიღო რეზოლუცია”, - ამბობს ივა ჭყონია.
ივა ჭყონია რუსული კანონის მხარდამჭერ ბიზნესმენებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართულ ბიზნესგარემოს მხოლოდ რამდენიმე მსხვილი ბიზნესი არ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საჯარო განცხადებას არ ავრცელებს. ასოციაციის ხელმძღვანელმა “ქართული ოცნების” კონტრაქციაზე გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა.
“ფაქტია, რომ ძალიან სახიფათო ზონაში შევდივართ. ასეთი მწვავე განცხადებები, რაც გუშინ მოვისმინეთ, საერთოდ რას ნიშნავს? ჩემი შვილები, მეგობრის შვილები, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, დამფუძნებლები თუ დირექტორები დადიოდნენ აქციებზე, მათ შორის ისინიც, რომლებიც 2012 წლიდან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. ისინი რომ დღეს არ გამოდიან და საჯარო განცხადებებს არ აკეთებენ, არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესსექტორს მხოლოდ ის რამდენიმე მსხვილი ბიზნესი წარმოადგენს, ვინც გამოდის და განცხადებებს აკეთებს”, - ამბობს ივა ჭყონია.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ევროკავშირის წარმომადგენელთა დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან, ზურგი გაუმაგრონ საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ხალხი პროტესტისთვის მზადაა.
“ევროკავშირის ელჩებთან არაერთი არაფორმალური შეხვედრა გვქონია, გვეუბნებიან, თქვენს გვერდით ვართ, ზურგს გიმაგრებთ, თქვენ წინ ხომ არ დავდგებითო? გააპროტესტეთ და ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი რაც არის - გავაკეთებთო.
ყველაფერი აუცილებლად გამოაშკარავდება ოქტომბერში და, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ის ადამიანები გადაწყვეტენ, ვინც აქციაზე 28 აპრილს იდგა, ნამდვილი Gen Z”, - განაცხადა ივა ჭყონიამ.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” კონტრაქციის პარალელურად, გუშინ, 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა.