მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კანტის აკადემია” აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე შედის

629703300987e
მარიამ ადამია
01.06.22 20:30
794
“კანტის აკადემიის” დამფუძნებლის, მარეხი გვარამაძის თქმით, უახლოეს მომავალში საგანმანათლებლო ცენტრი, Ed-Tech-მიმართულებით გააგრძელებს ოპერირებას და საერთაშორისო ბაზარზე გავა. შესაბამისად სერვისები და პროდუქტები, რომლებსაც საქართველოში ქმნიან, მსოფლიოს მასშტაბით გახდება ხელმისაწვდომი. მიზნის მიღწევაში კი მათ ევროპის Under 30-ის ახალგაზრდული სამიტი დაეხმარება, სადაც წელს ქართულ Forbes Under 30-ის პროექტში გამარჯვებულებიც იღებდნენ მონაწილეობას და მათ შორის იყო “კანტის აკადემიის” დამფუძნებელიც.

“ღონისძიებაზე შევხვდით და გავიცანით ადამიანები ტექნოლოგიების სფეროდან, რომლებიც საინტერესო პროგრამებს ნერგავენ და მალე, ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივ პარტნიორულ თანამშრომლობასაც დავიწყებთ. სამდღიან ღონისძიებაზე იმ ადამიანებმა მოიყარეს თავი, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში ლიდერები არიან და გავლენა აქვთ მსოფლიო ბაზარზე. არის შანსი, რომ ჩვენ, ჩვენივე იდეებით გავხდეთ ამ გლობალური ბაზრის ერთ-ერთი მოთამაშე. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული საქართველოთ, განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებით,” - განაცხადა “კანტის აკადემიის” დამფუძნებელმა, მარეხი გვარამაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.

მისივე თქმით, საგანმანათლებლო ცენტრი, პირველ ეტაპზე შესვლა/განვითარებას აღმოსავლეთ ევროპაში გეგმავს და შემდეგ ეტაპობრივად მასშტაბებსაც გაზრდის. “შესაბამისად, ის კონტაქტები, გამოცდილება და ცოდნა, რაც ამ სამი დღის განმავლობაში დავაგროვეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯია საგანმანათლებლო ინდუსტრიის განვითარების კუთხით, როგორც საქართველოში, ასევე ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების დივერსიფიცირების კუთხით,” - აღნიშნა მარეხი გვარამაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს Forbes Under 30-ის პროექტით წელს Forbes-ის ამერიკული გამოცემა დაინტერესდა, რომელიც ევროპის Under 30-ის სიაზე მუშაობს. აქედან გამომდინარე ქართულ პროექტში გამარჯვებულები გლობალურ კონკურსში მონაწილეობდნენ, რომელიც წელს თელავივში ჩატარდა.

"კანტის აკადემიის" მისიაა განათლების სფეროში დასავლური, წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტების გამოცდილების გაზიარება, ინოვაციების დამკვიდრება და ინტეგრირება არაფორმალური განათლების სივრცეში. გრძელვადიან პერიოდში, "კანტის აკადემიის" მიზანია კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, მოახდინოს არაფორმალურ საგანმანათლებლოს სივრცეში დანერგილი ინოვაციების ინტეგრირება ფორმალურ განათლების სისტემაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები