„არა, მიუსაფარების გენოციდს! იყავი მიუსაფრების ხმა“ - ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიუსაფარი ცხოველების დასაცავად აქცია მიმდინარეობს.
შეკრების მიზანი მიუსაფარი ცხოველების პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ჰუმანური მიდგომების მხარდაჭერაა.

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეგიონებში მოსახლეობის მიერ მიკედლებული მიუსაფარი ძაღლები ტერიტორიიდან მიჰყავს. ადამიანები, რომლებიც Facebook-ზე ფოტო/ვიდეო მასალას ავრცელებენ, ასევე ჰყვებიან, რომ ზუსტად არ იციან, სად გადაჰყავთ მათ მიერ მიკედლებული და მზრუნველობაში მყოფი ცხოველები.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხოველები გორის მუნიციპალიტეტის თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც კრემატორიუმი გვიან ღამით მუშაობდა, სავარაუდოდ, ცხოველთა დაწვის მიზნით - სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ რეგიონებიდან აყვანილი არც ერთი ძაღლი გორის თავშესაფარში არ გადაუყვანიათ.




























