გერმანიის მთავრობის ოფიციალური განცხადებით, კანცლერი ფრიდრიხ მერცი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ბერლინში ჟურნალისტებთან საუბრისას ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ მერცი ყოველწლიურ უსაფრთხოების ფორუმს გახსნის, სიტყვით გამოსვლისას კი მიმოიხილავს გერმანიის საგარეო პოლიტიკას ზესახელმწიფოების პოლიტიკური დაპირისპირებისა და დაძაბული ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ფონზე.
"კანცლერმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ იზიარებს იმ ადამიანების პოზიციას, ვინც თვლის, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეერთებული შტატები უნდა - ან თუნდაც შეგვიძლია - ჩამოვწეროთ. ვვარაუდობ, რომ ის წარმოადგენს თავის ხედვას ტრანსატლანტიკური ურთიერთობების სამომავლო განვითარების გზებზე", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 62-ე კონფერენცია გერმანიაში 13-15 თებერვალს გაიმართება და მას მსოფლიოს რამდენიმე ათეული ლიდერი და გლობალური პოლიტიკის, აკადემიური წრეებისა და თავდაცვის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელი დაესწრება.




























