სს "კაპიტალ ბანკი" საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის. კომპანიას სარჩელი შეტანილი აქვს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
სადავო ნორმის თანახმად, ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია მისი მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხსენებული ნორმა გამორიცხავს საერთო სასამართლოების მიერ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას მათ შორის იმ შემთხვევაში როდესაც მხარეს ადგება გამოუსწორებელი ზიანი.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს "კაპიტალ ბანკს" გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და შედეგად დაექვემდებარა ლიკვიდაციას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის გამო ვერ ხდება ხსენებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება სასამართლოს მიერ, რითაც ირღვევა მისი საკუთრების, თავისუფალი მეწარმეობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებები.
მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. მოსარჩელეები არიან "სს „კაპიტალ ბანკი“, შპს „ESOL B.V." და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტა. საქმეზე რამდენიმე სხდომა უკვე გაიმართა.

























