თიბისიმ, ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბურ პლატფორმად იქცა, წელს გაზრდილი ინტერესითა და გლობალური ფინანსური ინსტიტუტების რეკორდული დასწრებით გამოირჩეოდა.
თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გოგა თხელიძემ გიორგი ისაკაძის ბიზნესის კვირეულთან ინტერვიუში კაპიტალის ბაზრების განვითარების დინამიკა და კონფერენციის მნიშვნელობა შეაჯამა.
„24 მარტს ეროვნულ ბანკთან ერთად ვუმასპინძლეთ კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად კაპიტალის ბაზრების თემატიკაზე. პირველად ეს ღონისძიება 2024 წელს ჩავატარეთ და მოხარული ვარ, რომ წლევანდელ კონფერენციაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა კონფერენციის მასშტაბი და დასწრება, რაც კარგად მეტყველებს ინვესტორების და საერთაშორისო ბანკების მზარდ ინტერესზე ჩვენს რეგიონში კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართ. 2024 წელს 350 სტუმარს ვუმასპინძლეთ, წლევანდელ კონფერენციას კი 500-მდე პარტნიორი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრებოდა“, - განაცხადა გოგა თხელიძემ.
კონფერენციაში მონაწილე მსოფლიო დონის ბანკებისა და საინვესტიციო კომპანიების სია წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდა. წინა წელს წარმოდგენილ J.P. Morgan-სა და Citi-ს წელს ისეთი გიგანტები დაემატნენ, როგორებიცაა Morgan Stanley, Barclays, ICBC Standard Bank, Oppenheimer და სარეიტინგო კომპანიები — Fitch Ratings და S&P Global.
გოგა თხელიძის თქმით, საქართველოში კაპიტალის ბაზარი მზარდ დინამიკას აჩვენებს.
„ჯამური მოცულობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გასამმაგდა და თითქმის 3 მილიარდ ლარს მიაღწია. თიბისი კაპიტალის წილი ამ ბაზარზე 56%-ზე მეტია. საქართველოდან 16 ევრო ობლიგაცია არის დალისტული საერთაშორისო ბაზრებზე, რომელთაგანაც თიბისი კაპიტალმა 12 ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა“.
თიბისი კაპიტალის საქმიანობა ორიენტირებულია ბიზნესისთვის დაფინანსების ალტერნატიული და შედარებით იაფი წყაროების შეთავაზებაზე. პლატფორმა კლიენტებს საშუალებას აძლევს, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ მსოფლიო დონის ინვესტორებთან.
„რა ღირებულებას შევუქმენით ჩვენს კორპორაციულ კლიენტებს? 2024 წელს ჩატარებული პირველი კონფერენციიდან დღემდე, ჯამში თიბისი კაპიტალი 17 კომპანიას დაეხმარა ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და ფულადი რესურსის მოზიდვაში. თიბისი კაპიტალმა, კერძო სექტორთან, სახელმწიფო და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობით, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების გამოშვების 42 ტრანზაქცია განახორციელა ჯამური მოცულობით დაახლ. 7.2 მლრდ ლარი. მათგან 4.6 მლრდ ლარი საერთაშორისო ბაზარზე, ხოლო 2.6 მილიარდი ლარი კი ადგილობრივ ბაზარზე. ფასიანი ქაღალდები კომპანიებისთვის დაფინანსების ალტერნატიული და შედარებით იაფი წყაროა. მიღებული თანხები სხვადასხვა პროექტის დაფინანსებასა და ეკონომიკის განვითარებას ხმარდება. ამ კონფერენციით ჩვენს კლიენტებს ვუქმნით დისკუსიის სივრცეს საერთაშორისო ბანკებთან, ინვესტორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან; ვაძლევთ წვდომას ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, კაპიტალის ბაზრების შესახებ საერთაშორისო პრაქტიკის საუკეთესო მაგალითებზე. ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობების ამ წარმატებული მაგალითის გადათარგმნა გვსურს ყველა სხვა სეგმენტზე იმისათვის, რომ გავუმარტივოთ ცხოვრება და მივცეთ წვდომა ხარისხიან, სწრაფ და მოქნილ ფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებზე“, - აღნიშნა თხელიძემ.
წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა 6 პრეზენტაცია და 7 პანელური დისკუსია, სადაც განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და უზბეკეთის საინვესტიციო პოტენციალს დაეთმო.



























