კლინიკა „კარაპს მედლაინი“ 2026 წელს რობოტული ქირურგიის დანერგვას გეგმავს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კლინიკის დირექტორმა ნინო კუტალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება თანამედროვე სამედიცინო ტენდენციებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს უკავშირდება.
„მსოფლიო ჯანდაცვა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და ყველა სამედიცინო მიმართულებას უწევს ამ პროცესს ფეხი აუწყოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი გარემო, რომ პაციენტს მკურნალობისთვის საზღვარგარეთ წასვლის სურვილი არ გაუჩნდეს“, - აღნიშნა ნინო კუტალაძემ.
კომპანიის დირექტორის განმარტებით, რობოტული ტექნოლოგიების დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უროლოგიური, გინეკოლოგიური და ზოგადი ქირურგიის მიმართულებებისთვის.
„ჩავთვალეთ, რომ დღეს უკვე მზად არის „კარაპს მედლაინი“ და მისი ექიმების გუნდი იმისთვის, რომ ენდოსკოპიიდან გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რომელიც რობოტოტექნიკის გამოყენებას ნიშნავს“, - განაცხადა მან.
ნინო კუტალაძის თქმით, რობოტული ქირურგია პაციენტებს სთავაზობს უმტკივნეულო, მინიმალურად ინვაზიურ მკურნალობას, რაც სწრაფ რეაბილიტაციასა და ოპერაციის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
„ეს არის განვითარების სრულიად ახალი ეტაპი, რომელიც ხარისხის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება ფასებს, კლინიკის დირექტორის განცხადებით, რობოტექნიკის გამოყენებით ჩატარებული ოპერაციები გაძვირდება.
„ამ მიმართულებით მომსახურების საფასო პოლიტიკა დაახლოებით 40%-ით გაიზრდება, რაც განპირობებულია ძვირად ღირებული სახარჯი მასალებითა და ტექნოლოგიური საჭიროებებით, რომლებიც რობოტს გააჩნია“, – განაცხადა ნინო კუტალაძემ. ამასთან, მისი თქმით, კლინიკა სხვა სერვისებზე მაქსიმალურად შეეცდება ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას, რადგან სამედიცინო სფეროში მაღალი ხარისხის სერვისი ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
"კარაპს მედლაინი" ამერიკის საერთაშორისო კომისიის აკრედიტაციის AACI მფლობელი, საქართველოს კერძო სამედიცინო სექტორში 25 წლიანი გამოცდილების მქონე, მრავალპროფილური კლინიკაა. საწყის ეტაპზე, კლინიკის მთავარ მიმართულებას პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია წარმოადგენდა. 2001 წლიდან "კარაპს მედლაინს" მრავალპროფილური კლინიკის სტატუსი მიენიჭა და დღესდღეობით, პაციენტებს როგორც ამბულატორიული ისე ქირურგიული მიმართულებით, მომსახურებების ფართო სპექტრს სთავაზობს.




























