"რუსი ტურისტებისთვის საქართველოში საფრთხე ჯერ-ჯერობით არ არსებობს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის დამთავრების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.
როგორც გრიგორი კარასინი განმარტავს, რუსი ტურისტებისთვის საქართველოში ამ ეტაპისთვის რისკები არ არის, თუმცა უპასუხისმგებლო განცხადებებმა შესაძლოა, მსგავს პროცესამდე მიგვიყვანოს.
"სიტყვა "სანქციები" სრულიად არასწორია - ესაა სათანადო რეაგირება იმ საფრთხეებზე, რომლებიც ჩვენი ტურისტებისთვის შესაძლოა, არსებულიყო. კარგია, რომ ეს ჯერ მსგავსი არ არის, მაგრამ ის ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, როდესაც ასეთი მოწოდებებია. ძალიან ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება ისმის, ამ ატმოსფეროში სახელმწიფომ ინიციატივა უნდა გამოიჩინოს და ყველაფერი გააკეთოს, რომ არ დაშავდეს ხალხი, ჩვენი მოქალაქეები", - დასძინა კარასინმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავია-მიმოსვლები უქმდება.

























