შეხვედრაზე სამინისტროს ეკონომისტებსა და ჩვენს ფინანსისტებს შორის „ხელჩართული ომი“ გაიმართა, - ამის შესახებ რითმოლოგმა და კარდიოლოგმა ხათუნა ჯალაბაძემ "საქმიან დილაში" სტუმრობისას ჯანდაცვის სამინისტროს და სფეროს წარმომადგენელთა შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
ჯალაბაძე მიიჩნევს, რომ სამედიცინო სექტორს რეგულაციის მისაღებად მეტი დრო სჭირდება.
„სასურველია მოგვეცეს დრო, რათა ამ მოცემულობების პირობებში მოვიფიქროთ უკეთესი საშუალება. სოციალურ სივრცეში ხშირად ჟღერდება მოსაზრება, რომ სამედიცინო დაწესებულებებს ძალიან დიდი მოგება აქვთ და ექიმები ძალიან დიდ ფულს იღებენ. ამაზე ასეთი აპელირება არასწორია. ჩვენ გვესმის, რომ ჯანდაცვა ყველაზე ძვირად ღირებული სერვისია და რომ სახელმწიფო ხარჯები უნდა დაიზოგოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის გაუარესების ხარჯზე. თუ დავტოვებთ ამ ტარიფებს, მაშინ სავარაუდოდ, სახელმწიფო გამოაცხადებს ტენდერს და შეისყიდის იაფ მასალას, რომელიც ჩაეტევა ამ ხარჯებში. ეს სამედიცინო საზოგადოებამ და თვითონ პაციენტებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან“, - განაცხადა კარდიოლოგმა.
მისივე თქმით, ტარიფებთან დაკავშირებით არსებობს რაღაც საერთაშორისო პრაქტიკა, თუმცა, რეალურად, ექიმს ის აინტერესებს, თუ რამდენად ხარისხიანად ჩაატარებს პროცედურას, რამდენად ხარისხიან იარაღს გამოიყენებს, რათა მკურნალობა მაქსიმალურად შედეგიანი იყოს“, - აღნიშნავს ჯალაბაძე გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში.
შეგახსენებთ, ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს. დადგენილებამ სამედიცინო ინდუსტრიის წარმომადგენლებში შეშფოთება გამოიწვია.

























