მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარფური“ ქართველი მწარმოებლების და დისტრიბუტორების ბრალდებებს პასუხობს

60b35735f103d
თელარა გელანტია
30.05.21 14:00
2160
საქალაქო სასამართლომ "კარფურის" წინააღმდეგ 10 ქართველი მწარმოებლისა და დისტრიბუტორის სარჩელები წარმოებაში უკვე მიიღო და რამდენიმე სარჩელი კიდევ მზადდება. ქართული კომპანიები საერთაშორისო ბრენდს უკანონო და არაპარტნიორულ დამოკიდებულებაში სდებენ ბრალს. ასევე, ამტკიცებენ, რომ "კარფური" მათ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საკმაოდ სოლიდურ თანხებს აჭრის. შედეგად, კომპანიების დიდმა ნაწილმა ბრენდთან ხელშეკრულება უკვე გაწყვიტა და პროდუქციის მიწოდება შეაჩერა.

რა პასუხი აქვთ ბრალდებებზე "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიაში“ („კარფური“) – „Forbes კვირამ“ ინტერვიუ კომპანიის გენერალურ დირექტორ კრისტოფ ორსესთან ჩაწერა. ის ირწმუნება, რომ „კარფურის“ მიერ პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ემყარება.

- 10-ზე მეტმა კომპანიამ „კარფურის“ წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა და კიდევ რამდენიმე სარჩელი მომზადების პროცესშია. ფიქრობთ, რომ დღეს თქვენი კომპანია ასრულებს მომწოდებელთა წინაშე თავის ვალდებულებებს? და თუ - კი, რატომ გაჩნდა ეს პრობლემა?

დიახ, „კარფურის“ წინააღმდეგ ზოგიერთი მომწოდებლის მხრიდან სარჩელი არსებობს. ეს საქმეები სასამართლოში განიხილება, ამიტომ დეტალებში ვერ შევალა. საქართველოში შემოსვლის შემდეგ ჩვენ ვთანამშრომლობთ 800-ზე მეტ მომწოდებელთან. ჩვენ მათთან ერთად განვვითარდით, მათთან ერთად გავიზარდეთ; ზოგი მათგანი იწყებს ჩვენთან თანამშრომლობას, ბევრი მათგანი იზრდება ჩვენთან ერთად და ა.შ. „კარფურის“ დნმ-ის ნაწილია ქვეყანაში შესვლა, თანამშრომლობა ყველა მომწოდებელთან და ბიზნესის ინტერესის გაზრდა. ჩვენ ასევე წვლილი შევიტანეთ სოფლის მეურნეობის სფეროში, რადგან ხელი მოვაწერეთ პარტნიორობას ადგილობრივ მწარმოებლებთან. ჩვენს ბიზნესში 60% მოდის ქართველი ფერმერებისგან. ჩვენ მათ ვეხმარებით. ჩვენ მათ ვუჭერთ მხარს. კიდევ უფრო მეტს გეტყვით - ჩვენ ქართველი ფერმერებისთვის გლობალურ ქსელს ვხსნით - ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, გაიტანონ თავიანთი პროდუქტი საზღვარგარეთ. ზოგიერთ მომწოდებლებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

- დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს - კონტრაქტს, რომელიც თქვენ ახსენეთ...

ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან „კარფურის“ მრავალწლიან, ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება, რომელიც მრავალჯერ განხილული, შეთანხმებული და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და სრულ შესაბამისობაშია ადგილობრივ კანონმდებლობასა და ნორმებთან. ჩვენი ხელშეკრულებები ემყარება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას; როდესაც საქართველოში შემოვედით, ყველა მომწოდებელს გავუღეთ კარი. მრავალი წლის განმავლობაში ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან, ახალი არაფერია, მათ იციან ხელშეკრულების პირობები. ასე რომ, არაფერი შეცვლილა.

- ჩვენ არ ვისაუბრებთ სამართლებრივ დეტალებზე... დარწმუნებული ვარ, იურისტებს ექნებათ დამატებითი სამართლებრივი არგუმენტები, თუმცა ჩემი კითხვა პროცესს უკავშირდება - როგორ ფიქრობთ, დასრულდება ეს პროცესი მხარეებს შორის მორიგებით? მიუხედავად იმისა, რომ არ იცვლება კონტრაქტის პირობები - ფაქტია, რომ 10-ზე მეტი საჩივარი არსებობს. რა მოხდა? რა შეიძლება ვიფიქროთ ამასთან დაკავშირებით?

ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ დისკუსიას და მოლაპარაკებას. ჩვენ ღია ვართ განხილვისთვის. თქვენ იცით, რომ მოლაპარაკება პროცესია. ეს არ არის ერთი შეხვედრა. მოლაპარაკება მინიმუმ ორ, სამ, ოთხ რაუნდს მოიცავს. ჩვენ გვაქვს ბიზნესის ჩვენი მოდელი და ჩვენი პრინციპები, ასევე არიან მომწოდებლებიც, მათ ბიზნესის თავიანთი მოდელი აქვთ, არჩევანიც მათზეა, თუ რომელ სავაჭრო ქსელთან იმუშაონ. „კარფური“ არ არის დომინანტი და არც არავის ავალდებულებს კონტრაქტზე ხელის მოწერას. ჩვენი კომპანია სრულყოფილად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს მომწოდებლების წინაშე და ამ ხნის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები