„კარგად ჩანს, რომ რუსეთის პროვინციად ვყალიბდებით და სამწუხაროდ, შესაბამის ბიზნესზეც არის მოთხოვნა“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა რესან ქიქავამ BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა.
იგი განმარტავს, რატომ არის ასეთი ტიპის ეკონომიკა დამაკნინებელი: „ეს არის ეკონომიკა, სადაც არაფერი მნიშვნელოვანი (საწარმოები, ინვესტიციები) არ ხორციელდება“.
რესან ქიქავა ეთანხმება მოსაზრებას, რომ შესაძლოა საქართველოში ბიზნესის დაკვეთაც იყოს ასეთ ტიპის ეკონომიკა.
"კარგად ჩანს, რუსეთის პროვინციად ვყალიბდებით და ასეთი ტიპის ეკონომიკაც არის სახეზე და სამწუხაროდ, შესაბამის ბიზნესზეც არის მოთხოვნა. ამას თან დიდი რისკები ახლავს და ეს ბიზნესმა კარგად იცის. ბევრს ალბათ დღესაც არ წარმოუდგენია, რომ საქართველო რუსეთთან კავშირს უბრუნდება. საქართველოსთვის ასევე უცნაურია, რომ კონფრონტაციული ურთიერთობა გქონდეს დასავლეთთან, ამიტომ ყველა გაურკვევლობაშია და დაჯერებაც კი რთულია იმის, რაც ხდება ჩვენ ცხვირწინ. თუმცა, ყველა ყველაფერს ხედავს ვისაც დანახვა უნდა.
საქართველოში ვერ ვხედავთ მნიშვნელოვან ბრენდულ კომპანიებს, რომ ისინი აქ იყვნენ წარმოდგენილი. ეს სურათი ბოლო წლების განმავლობაშია და ჩვენ ამას ამ კომპანიების ინერტულობას ვაბრალებთ და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენ ამისთვის არაფერი არ გავაკეთეთ. ყველას ვაჩვენებთ, რომ მათი წინადადებების განხილვაც კი ჩვენთვის მიმზიდველი არ არის.
რატომ არის ეს რუსეთის პროვინცია და რატომ არის ეს ასეთი დამაკნინებელი - ეს არის ეკონომიკა, სადაც არაფერი მნიშვნელოვანი საწარმოები, ინვესტიციები არ ხორციელდება. რომელი სექტორებიც რეალურად ქმნიან რაღაც ღირებულებას ქვეყნისთვის და რეალურად ასაქმებს ადამიანს გრძელვადიანად, ვხედავთ რა მდგომარეობაც არის მაგ კუთხით", - განაცხადა მან.
კითხვას, შეიძლება საქართველოში ბიზნესის დაკვეთაც იყოს ასეთ ტიპის ეკონომიკა? - რესან ქიქავამ შემდეგნაირად უპასუხა:
"საქართველოში ჩვენი ეკონომიკა არ არის მეცნიერებაზე ან ცოდნაზე დაფუძნებული და ადამიანები, რომლებსაც არც ცოდნასთან და არც მეცნიერებასთან აქტიური შეხება არ ჰქონია (სამწუხაროდ ასეთი განათლების სისტემა ავაშენეთ ამ ხნის განმავლობაში), რა თქმა უნდა უნდა ამ ადამიანებისთვის უფრო კომფორტულია, ასეთ სივრცეში საქმის კეთება, ვიდრე ისეთში, რომელიც რეალურად კონკურენციას და ინოვაციური პროდუქტების შექმნას მოითხოვს. ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ სისტემას არის მორგებული, ბუნებრივია გულისხმობს კორუფციას, შავ ფულს, კრიმინალიზმის გააქტიურებას და ა.შ. სამწუხაროდ, ახლა ჩვენ ამ მოდელის ეკონომიკას ვქმნით, ეს არის რასაც ჩვენ გვთავაზობენ“, - განაცხადა რესან ქიქავამ.




























