სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ ანგარიშების დაყადაღების შემდეგ, მუშაობას აგრძელებენ, თუმცა მათი ფინანსები სრულად საბანკო ანგარიშზე ინახებოდა.
"კარგად იციან, რომ ანგარიშების დაყადაღებით ყველანაირი რესურსი შეზღუდული გვაქვს. 200-ზე მეტი ბენეფიციარი გვყავს, ვისაც ამ ეტაპზე დახმარებას ვუწევთ და ძალიან სამწუხარო იქნება რომ ეს ადამიანები დახმარების გარეშე დარჩნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სადამდეც შევძლებთ მივაწოდოთ ეს დახმარება,", - ამბობს ის.
რაც შეეხება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, ISFED-ის დირექტორის თქმით, საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყება არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, უპრეცედენტო შემთხვევაა.
"ეს არ არის პირველი ნაბიჯი, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ გადაიდგა. მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე წელია აქტიური კამპანია და პოლიტიკა ტარდება სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ. მიღებული იქნა სხვადასხვა კანონი, რომლებმაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები ძალიან რთულ გარემოში მუშაობენ. ამ კანონების აღსრულება ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო და პროკურატურამ ეს პროცესი გააგრძელა. გამოძიება ჯერჯერობით იმ მიმართულებით მიმდინარეობს რომ ჩვენი როლი გამოკვეთონ საბოტაჟის და სახელმწიფო გადატრიალების გარკვეულ მცდელობებში. თან უცხოური დაფინანსებით. საბოლოო მიზანი როგორც ჩანს არის ის, რომ აქციები, რომელიც იმართებოდა გასული წლის გაზაფხულზე და შემდეგ ნოემბრიდან მოყოლებული უნდათ, რომ შერაცხონ როგორც ძალადობრივი, თითქოს საბოტაჟი იყო დაგეგმილი და ვინც მასში მონაწილეობდა ყველა პირი და ორგანიზაცია დასაჯონ. საბოლოო ჯამში ალბათ ეს არის მიზანი. ეს მუხლები, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს ძალიან მძიმეა. საქართველოში ამ მუხლით არავინ დასჯილა იმდენად მძიმე მუხლია. საპროტესტო აქციებში მონაწილეებისთვის ამ მუხლების მიყენება სრულიად გაუგონარი და წარმოუდგენელია", - ამბობს ნატროშვილი BGMTV-ის ეთერში.
27 აგვისტოს პროკურატურის მოთხოვნით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. დაყადაღებულია შემდეგი ორგანიზაციების ანგარიშები:
- „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“;
- „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED);
- „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“;
- „დემოკრატიის მცველების“;
- „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“;
- „საფარის“;
- „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“;
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელიც ნინო დოლიძის ადვოკატია, ჟურნალისტებთან თქვა, რომ პროკურატურას აინტერესებდა ორგანიზაცია აქციების ორგანიზებაში რა ფორმით იყო ჩართული.
"გამოძიებას რა კითხვებიც ჰქონდა, ყველა კითხვაზე ამომწურავად გასცა პასუხი. ეს კითხვები ძირითადად შეეხებოდა ზოგადად ორგანიზაციის საქმიანობას, მათ შორის იმას აკვირდებოდნენ თუ არა აქციებს. ეს იყო ზოგადი კითხვები და რა შეიძლება ამას მოჰყვეს ნამდვილად ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში ის ინფორმაცია, რაც პროკურატურას სჭირდებოდა, რა კითხვებიც მათ ჰქონდათ, ამომწურავად პასუხგაცემულია ნინო დოლიძის მხრიდან", - განაცხადა ქურდოვანიძემ.
აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დააყადაღეს შვიდი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები. პროკურატურის შუამდგომლობა ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.
მათ 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების დაფინანსებას ედავებიან საბოტაჟის საქმის ფარგლებში. ამავე საქმის ფარგლებში მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათ შორის „ნანუკას ფონდი“.


























