"რითეილ ასოციაციის" ხელმძღვანელ სოფო ქაშაკაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) სურსათის ფასების შესწავლის საქმე, ჯერჯერობით, არ დახურულა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, სუს-ი რითეილერებისგან პერიოდულად ითხოვს ვრცელ ფინანსურ დოკუმენტაციასა და ანგარიშფაქტურებს, რაც კომპანიებისგან ადამიანურ და დროით რესურსს მოითხოვს. "კარგი იქნება, თუ [სუს-ის გამოძიება] მალე დასრულდება და ბიზნესს ეს პრობლემა მოშორდება", - თქვა მან.
საქმე ის არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ სურსათის ფასების საკითხის შესწავლის დაწყებიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის “ფასების კომისიის” დასკვნამ რიტეილ ბიზნესის მხრიდან ფასების ხელოვნური ზრდა არ დაადასტურა და "გადაჭარბებულ ფასნამატზე" პრემიერ ირაკლი კობახიძის ეჭვებიც გააქარწყლა, სუს-ის საქმე ჯერ კიდევ არ დახურულა.
- რა ეტაპზეა სუს-ის გამოძიება, რომელიც სურსათზე ფასების ზრდის მიზეზების შესწავლის მიზნით დაიწყო?
- საქმე, ჯერჯერობით, არ დახურულა. სხვათა შორის, ეს ჩვენი წევრებისთვის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა, რადგან მათგან საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს…
- ისევ ითხოვს სუს-ი გარკვეულ ინფორმაციას?
- დიახ, პერიოდულად ითხოვენ საკმაოდ ვრცელ და დიდ დოკუმენტაციას. რითეილ სექტორში დოკუმენტბრუნვა ძალიან ბევრ სხვადასხვა პროცესთანაა დაკავშირებული - ეს იქნება ანგარიშფაქტურების გაგზავნა, ჩასწორება, დადასტურება თუ სხვა. ამ ყველაფერს უზარმაზარი რესურსი სჭირდება. ფაქტობრივად, კომპანიების ფინანსური დეპარტამენტები სულ ამ საქმით არიან დაკავებულები. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს პროცესი მალე დასრულდება და ბიზნესს ეს პრობლემა მოშორდება.
- გამოძიება კონკრეტული პერიოდის ანგარიშფაქტურებსა და ფინანსურ დოკუმენტებს ითხოვს, თუ მიმდინარე პროცესებითაც ინტერესდება?
- დეტალებში ზუსტად ჩახედული არ ვარ, თუ რა ფორმით ხდება ეს, თუმცა ვიცი, რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ჩვენს წევრებს პერიოდულად სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის წარდგენას სთხოვენ.
- საინტერესოა, “ფასების კომისიის” დასკვნის შემდეგ, კიდევ რა ინტერესი აქვთ და რა სახის სამართალწარმოებაზეა საუბარი…
- ვფიქრობ, ეს უფრო ფორმალობაა. პროფესიით იურისტი ვარ და ვიცი, რომ როდესაც რაიმე წარმოება დაიწყება, მან თავისი ფორმალური ნაბიჯები უნდა გაიაროს იმისთვის, რომ საბოლოოდ დაიხუროს. ალბათ, ახლაც სწორედ ამ ფორმალურ მხარესთან გვაქვს საქმე.




























