კახეთში რთვლისთვის ემზადებიან. ველისციხეში მდებარე მცირე მეღვინეობა “ქარსელაძეების მარანი“ წელს კარგ მოსავალს ელოდება. მარნის დამფუძნებელი სალომე მათიაშვილი ამბობს, რომ ვენახები წელს სეტყვისგან არ დაზიანებია და ახლა მთავარი მოლოდინი ყურძნის სასურველ კონდიციამდე მისვლაა.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აღნიშნა, რთველი მცირე მარნისთვის მხოლოდ ყურძნის დაკრეფასა და ღვინის წარმოებას არ უკავშირდება. მისი თქმით, კახეთში ეს პერიოდი ტურისტული სეზონის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და შესაბამისად, ველისციხეშიც სტუმრების მისაღებად ემზადებიან.
"წლევანდელი რთვლის მოლოდინი ძალიან კარგი გვაქვს. პირველ რიგში, ძალიან გვახარებს ის, რომ ჩვენს ადგილებში წელს სეტყვა არ ყოფილა და ვენახები არ დაზიანებულა. ახლა ველოდებით, როდის ექნება ყურძენს შესაბამისი შაქრიანობა და როცა დასაწურად მზად იქნება, უკვე დავკრეფთ, მარანში ჩამოვიტანთ და ჩვენს ქვევრებში ჩავწურავთ. ვფიქრობთ, რომ კარგი მოსავალი გვექნება და ეს, რა თქმა უნდა, ხარისხიანი ღვინის დასამზადებლადაც ძალიან დიდი სტიმულია. როცა მთელი წლის შრომის შედეგს ხედავ და მოსავალი კარგია, ეს მეღვინისთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა", - ამბობს სალომე მათიაშვილი.
მეღვინეობის გარდა, რთვლის სეზონი ველისციხეში ტურიზმისთვისაც მნიშვნელოვანია. მათიაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ტურისტების რაოდენობაზე გავლენა სოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა მოახდინა. მისივე ინფორმაციით, გზების გამო რამდენიმე ტურისტულ კომპანიასთან თანამშრომლობაც შეფერხდა, რის გამოც წელს სტუმრების ნაკადი წინა წლებთან შედარებით ნაკლებია.
„წინა წლებში გაცილებით მეტი ინტერესი და დატვირთვა გვქონდა. წელს, სამწუხაროდ, გარემოებებმა ცოტა ხელი შეგვიშალა. ველისციხის პროექტი გარკვეული პერიოდი გაჩერებული იყო, გზები იყო გასაკეთებელი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ტურისტზეც აისახება. ახლა სამუშაოები უკვე დაიწყო და ძალიან მინდა, რომ ბოლომდე კარგად დასრულდეს. თუ ველისციხეში გადაადგილება და ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ვფიქრობ, ის ტურისტული კომპანიებიც გააქტიურდებიან, რომლებმაც სხვადასხვა მარნებთან თანამშრომლობა შეაჩერეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოფელში ისევ მეტი ტურისტი ჩამოვა და ჩვენც უფრო მეტი სტუმრის მიღების შესაძლებლობა გვექნება“, - ამბობს მარნის დამფუძნებელი.
მათიაშვილის თქმით, მარნის მთავარი უპირატესობა სწორედ ის გამოცდილებაა, რომელსაც სტუმარი მხოლოდ ღვინის დეგუსტაციისგან განსხვავებით იღებს. განსაკუთრებით მაღალია უცხოელი ტურისტების ინტერესი, მათ შორის, წელს მარანში ამერიკელი სტუმრების რაოდენობამ მოიმატა.
„ყველაზე მეტად უცხოელ სტუმრებს თვითონ გარემო მოსწონთ. როცა ამ ისტორიულ სივრცეში შემოდიან, ხშირად ვერ წარმოუდგენიათ, რომ ასეთი რამ შეიძლება ველისციხეში დახვდეთ. შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, ქართული ღვინო და ქართული სამზარეულო მოდის. ჩვენი სტუმრები ძალიან ინტერესდებიან ქართული კერძებით, ზოგჯერ რეცეპტებსაც კი მეკითხებიან და სიამოვნებით ვუზიარებ. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ველისციხიდან ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით მიდიან და შემდეგ, როცა საკუთარ ქვეყნებში ქართულ რესტორანში ხვდებიან, ისევ ქართულ ღვინოსა და საჭმელს ეძებენ. მგონია, რომ ამ პატარა რგოლით მეც ჩემი წვლილი შემაქვს ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციაში“, - ამბობს სალომე მათიაშვილი.
„ქარსელაძეების მარანი“ ველისციხეში 2015 წლიდან ვითარდება და სტუმრებს 1802 წელს აშენებულ ისტორიულ მარანში მასპინძლობს. მარნის სივრცეში შენარჩუნებულია ძველი იერსახე, სტუმრებს კი ქართული ღვინისა და ჭაჭის დაგემოვნებასთან ერთად, ეთნოგრაფიული გარემოს გაცნობასა და ქართული სამზარეულოს მასტერკლასებში მონაწილეობას სთავაზობენ.
























