მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარლ ჰარცელი მედიის კითხვებს პასუხობს - რა უნდა გააკეთოს საქართველომ კანდიდატის სტატუსისთვის

62d007f85dfc5
BM.GE
14.07.22 17:55
642
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მედიის და მოქალაქეთა კითხვებს უპასუხა. კითხვების უდიდესი ნაწილი საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შესაძლებლობას ეხებოდა, რაზეც დიპლომატმა განაცხადა, რომ ახლა ჯერი საქართველოზეა უმოკლეს ვადებში მიაღწიოს ამ მხრივ პროგრესს.

– რა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ მთავრობის მხრიდან, ევროკომისიის მოსაზრებით განსაზღვრული 12 პირობის შესრულება?

– “ძლიერ დემოკრატიას მოქალაქეები სჭირდება. საბოლოო ჯამშიმ ყველა პოლიტიკურ მხარეს უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ხალხის წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც რამდენიმე გამოკითხვამ აჩვენა – მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს სტრატეგიულ პროევროპულ არჩევანს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელებაზე, რაც ყველასთვის ამარტივებს პროგრესის გაზომვას და იმის განსჯას, რამდენად წარმატებულად მოღვაწეობენ პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ იმისთვის, რომ იყოთ პასუხისმგებლიანი და ქმედითი მოქალაქე, საჭიროა იყოთ კარგად ინფორმირებული, ამიტომ გირჩევთ დარჩეთ პროცესში ჩართული და მოიძიოთ ობიექტური ინფორმაცია. დეზინფორმაცია ისედაც ბევრია, მაგრამ კარგად ინფორმირებული საზოგადოება ვერ მოტყუვდება. მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომლებიც ჩვენ თბილისში და სხვაგან ვიხილეთ, სადაც რიგითი მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ მოლოდინებს ხელისუფლებისა და პოლიტიკური ელიტის მიმართ, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, დემოკრატიული ინსტრუმენტი – ყველასთვის შეხსენება, თუ რას მოელით თქვენ პოლიტიკოსებისგან და ბოლოს, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცეთ არჩევნებში იმ პარტიებს, რომლებიც თქვენი აზრით, უკვე ამართლებენ თქვენს მოლოდინს და უარი თქვათ მათზე, ვინც მოლოდინს გაგიცრუებთ”.

– რა მოხდება, თუ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 12 პირობა არ შესრულდება? შეუქმნის თუ არა ეს საფრთხეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას?

– “ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოში ყველამ გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კარის გაღების თაობაზე, ნამდვილად ისტორიული მომენტია. ყველამ უნდა იფიქროს, თუ როგორ გამოიყენოს ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ევროპისკენ მიმავალი გზა დამსახურებებზე დაფუძნებულ პროცესად რჩება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა.

საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, კონკრეტული ქმედებებით უნდა წარმოაჩინონ თავიანთი მზადყოფნა და უნარი, წაიწიონ წინ – ევროკავშირისკენ. დასაკარგი დრო არ არის, რადგან ევროპის თვალი და ყური ამჟამად ამ რეგიონისკენაა მომართული. საქართველოსთვის გამოწვევაა 12 პრიორიტეტი, რაც უფრო მალე შესრულდება, როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით. თვითკმაყოფილების დრო არ არის, რადგან ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა, საჭიროა მოქმედება.”

– რამდენად უკავშირდებოდა, ამ ეტაპზე, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები?

– “ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მათი დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასა. ამ კრიტერიუმებს შორის ნამდვილად არ არის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა. ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე, ევროკავშირი საქართველოს ძლიერი პარტნიორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში დასახმარებლად, ჩვენ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი ჩავდეთ. და, სულ ახლახან, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც დიდი მიღწევაა. ის შემდგომი ნაბიჯების საფუძვლად უნდა გამოვიყენოთ.

– შეესაბამება თუ არა სიმართლეს განცხადებები, რომ დასავლეთს სურს, ნახოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული და რომ სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა ევროკომისიის მოსაზრებაზე?

– კატეგორიულად არ შეესაბამება. გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ. ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს.

– არსებობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დათქმული რაიმე ვადა?

– ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება. ის წლების განმავლობაში გაწერილი, დეტალური პროცესია და მოიცავს სიღრმისეულ მუშაობას, წევრობისთვის დადგენილი ყველა კრიტერიუმის მიმართულებით. გაწევრიანების ტემპი დამოკიდებულია რეფორმების პროცესში წინსვლაზე , უპირველეს ყოვლისა, ფუნდამენტურ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან, მათ შორის, კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და ადამიანის უფლებებთან ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე. ამჟამად, ევროკავშირამა საქართველოს შესთავაზა, დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამ პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად.

– მიიღებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს თურქეთზე ადრე?

– წინასწარ განსაზღვრული მკაფიო ვადები რომელიმე პოტენციური კანდიდატის, ან ამჟამინდელი კანდიდატი ქვეყნისთვის არ არსებობს. ის ტემპი, რომლითაც საქართველო წინსვლას შეძლებს, საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულია შემდგომი ნაბიჯები და ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს რეაგირება და რომელთა შესრულება სავსებით შესაძლებელია. ევროპული გზა რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც ზედმიწევნით მიყვება საკვანძო რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს. წევრობისკენ მოკლე გზა არ არსებობს: მხოლოდ ხელშესახები პროგრესი იქნება პროცესში წარმატებული წინსვლის საწინდარი. გადაწყვეტილებები, რომელსაც ევროკავშირი სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით მიიღებს, კვლავაც მისი წევრი სახელმწიფოების ხელშია და მათი მისაღებად – პროცედურის მიხედვით – ერთსულოვნება აუცილებელია.

– როგორ ფიქრობთ, უნდა იქნას თუ არა 19 აპრილის შეთანხმება გამოყენებული 12 პრიორიტეტზე რეაგირების ერთ-ერთ ნაბიჯად?

– შემთხვევითი არ არის, რომ ევროკომისია თავის მოსაზრებაში „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაზე“ საუბრობს, რადგან სწორედ ეს შეთანხმება იყო მაგალითი იმისა, თუ რა ტიპის მუშაობაა საჭირო მხარეებს შორის. მხარეებს ახლა მოუწევთ, დასხდნენ და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე, ხოლო 19 აპრილის შეთანხმება კარგ საწყის წერტილად რჩება, როგორც პროცესისთვის, ასევე შინაარსისთვის.

– ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ არის ნახსენები ნიკა გვარამიას გათავისუფლება და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, როგორც საკვანძო საკითხები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ ორივეს გათავისუფლების შემდეგ?

– ცალკეულ საქმეებზე საუბარი ჩემი მანდატის მიღმაა. ზოგადად, კანონის უზენაესობის დაცვას, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისათვის. იგივე ეხება საქართველოსაც. ადამიანები ფართოდ უნდა იზიარებდნენ შეხედულებას და შეფასებას, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო თავისუფალი და სამართლიანია და რომ მართლმსაჯულება საფუძვლიანად და მიუკერძოებლად ხორციელდება.

ეს საქმეები დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ურჩევდა უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებას, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, გამჭვირვალობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად. თქვენ კვლავაც ამოიკითხავთ მსგავს მოწოდებებს ევროკომისიის მოსაზრებაში.

ევროკავშირი რჩება იმ აზრზე რომ საქართველოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ყველა სამართლებრივი საქმე, მათ შორის ბ-ნი გვარამიასა და ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიც, უნდა მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და გამოყენებული უნდა იქნას სამართლიანი და სათანადო წესები და პროცედურები.

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაიცვას მისი, როგორც პატიმრის უფლებები, უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ბატონი გვარამიას საქმეც იგივე პრინციპებს ეფუძნება. ეს საქმე ასევე აჩენს შეკითხებს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც, ბოლო დროს, საქართველოში სტრესულ გარემოში აღმოჩნდა.”

– რას ნიშნავს რეალურად „კანდიდატის სტატუსი“? ნიშნავს ეს, რომ ქვეყანას, მაგალითად, აქვს წვდომა სპეციალურ პროგრამებზე? არის აქ სხვა სახის სარგებელი?

– მას შემდეგ, რაც ხდება ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება, კანდიდატის სტატუსის მიღება არის პირველი ოფიციალური ნაბიჯი გაწევრიანების პროცესში და შემდგომი წინსვლის წინაპირობა, თუმცა კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით.

– თუ საქართველო წლის ბოლომდე მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამის შემდეგ ქვეყანას რისი გაკეთება მოუწევს ?

– მოსაზრებაში ჩამოთვლილი პრიორიტეტები განსაზღვრულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აღნიშნულის მიღწევის ვადები საქართველოს მთავრობის ხელშია. როგორც კი ეს პრიორიტეტები ევროკომისიის მიერ შესრულებულად იქნება მიჩნეული, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს ხელში გადადის.

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომი ნაბიჯები და პროცესები ნათლადაა გაწერილი. ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, კანონის სხვადასხვა სფეროებთან დაკავშირებით, ე.წ. სკრინინგის პროცესი - რათა დადგინდეს, რა განსხვავებები არსებობს საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობას შორის და როგორ უნდა მოხდეს ჰარმონიზაცია. მოლაპარაკებების დროს, საქართველომ ასევე უნდა აჩვენოს, რომ მისი ადმინისტრაციული შესაძლებლობები საკმარისია ამ კანონების აღსასრულებლად.

– იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობა მუშაობდა ევროკომისიის მიერ გამოგზავნილ კითხვარზე, როგორც ვიცით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი. როგორ ფიქრობთ, უნდა შეიქმნას თუ არა მსგავსი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს მოსაზრებაში ასახული პრიორიტეტების შესრულებაზე?

– ევროკომისიამ წარმოადგინა მოსაზრება, რომელიც მოიცავს 12 მკაფიოდ გაწერილ პრიორიტეტს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ევროკომისიის ფუნქციას არ წარმოადგენს, შესთავაზოს ან, მითუმეტეს, განსაზღვროს ღონისძიებები კონკრეტული სტრუქტურებისათვის წინსვლის მისაღწევად. ახლა უკვე ყველაფერი მთლიანად საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობასა და სუვერენულ არჩევანს წარმოადგენს. ამავდროულად, მოსაზრებაში ხაზგასმითაა აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სხვადასხვა მხარეთა და სამოქალაქო საზოგადოების სათანადო ჩართულობის აუცილებლობა.

– როგორ აფასებთ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური ძალების ამჟამინდელ პოზიციას და რამდენად შეიძლება ამ გზამ დეპოლარიზაციამდე მიგვიყვანოს?

– გარკვეულწილად, მე მჯერა, რომ 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება დეპოლარიზაციის მცდელობებით უნდა დაიწყოს და დასრულდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში საუბარი იქნება საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის პლატფორმისა და დღის წესრიგის შექმნასა და უზრუნველყოფაზე. ამ რეფორმების წარმატებით განხორციელება, თავის მხრივ, სავარაუდოდ, შემდგომ ბიძგს მისცემს დეპოლარიზაციას.

აქამდე, ჩვენ ვნახეთ მმართველი პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვათა მიერ წარმოდგენილი იდეები, რომლებიც, ჩემი აზრით, ის ელემენტებია, რომლებიც შეიძლება სასარგებლოდ იყოს გაერთიანებული უფრო ფართო, საერთო დღის წესრიგის განსაზღვრისათვის. ამ მხრივ, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა დეპოლარიზაციის პროცესზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს.”

– თუ თქვენ იცნობთ საქართველოს ისტორიას და პატივს სცემთ მის ტრადიციებს, რატომ სთხოვთ მთავრობას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?

– ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. ევროკავშირის ფარგლებში, საოჯახო სამართალი ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენციის ქვეშ რჩება და, შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება.

რასაც ევროკავშირი ყველა წევრი სახელმწიფოსგან ითხოვს, არის დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა ტიპის, მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვა. ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების პატივისცემა და დაცვა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპების მტკიცე რწმენაზე, რომლებიც უნდა იყოს დაცული ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის.

– უნდა დაიცვას თუ არა მთავრობამ თბილისის პრაიდი კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

– მოქალაქეების დაცვა ძალადობისაგან და თითოეული ადამიანის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების უზრუნველყოფა ევროკავშირის და, უდავოდ, ნებისმიერი დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს წარმოადგენს.
სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და მოვალეობაა ამ უფლებების დაცვა, გამონაკლისების გარეშე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში შეფასებული იქნება ხელისუფლების მზაობა და შესაძლებლობა, თანაბრად დაიცვას ეს უფლებები ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის უმცირესობებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები