Kartofili.Ge სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს ქართული, გადარჩეული კარტოფილის სახლში მიტანის სერვისს სთავაზობს. როგორც bm.ge-სთან სტარტაპის დამფუძნებელი ბაჩო ბალახაშვილი ყვება, ადიგენში 1,6 ჰექტარ მიწის ფართობაზე კარტოფილი თავად მოჰყავს და ადგილზე 2 ადამიანს ასაქმებს.
„თავდაპირველად მოსავალს ბაზარში ვყიდდი, მაგრამ მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვებამ სტარტაპის შექმნის იდეა გამიჩინა - მომხმარებელი სხვადასხვა მიზეზის გამო, ბაზარში კარტოფილის დიდი ტომრებით ყიდვას ერიდება, სწორედ ამიტომ ვიფიქრე, რომ სახლში მიტანის სერვისი ბევრად მოსახერხებელი იქნებოდა. ჩვენი კარტოფილი ბიოსასუქით იწამლება. თან აქცენტს ხარისხზე ვაკეთებთ, შესაბამისად, პროდუქტი ქსელურ მარკეტებში არ შეგვაქვს, რადგან ვფიქრობთ, მარკეტები სპეციალური შენახვის პირობებს არ იცავენ და შედეგად მომხმარებელს 1 კილოგრამი საღი კარტოფილის ასარჩევად საათები სჭირდება“, - გვიყვება სტარტაპერი.
Kartofili.Ge-ის სერვისით სარგებლობისთვის მომხმარებელმა მინიმუმ 15 კგ კარტოფილი უნდა შეუკვეთოს. პროდუქტი საბითუმო ფასად, კილოგრამი - 1 ლარად, იყიდება.
Bm.ge-სთან საუბრისას ბაჩო ბალახაშვილმა გაიხსენა, რომ სტარტაპისთვის პირველადი ფინანსების მოძიებას ერთ-ერთი საგრანტო კონკურსით შეეცადა, მაგრამ მაშინ 8000-ლარიანი გრანტი ვერ მოიპოვა.
„ჟიურის აზრით, ჩემი იდეა მომგებიანი არ იყო, ამიტომ არ დამაფინანსეს. ამან შემაფერხა, მაგრამ 2 წლის შემდგომ კარტოფილის მოყვანა თავად დავიწყე; იდეამ გაამართლა და დაინტერესებაც მალევე წამოვიდა. წინა წლის ოქტომბერში აღებული მოსავალი თებერვალში უკვე სრულიად გაყიდული მქონდა. ჩემი მიზანია, Kartofili.Ge-ის სტანდარტის დანერგვა, რაც მომხმარებლისთვის საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე ხარისხიანი კარტოფილის მიწოდებას გულისხმობს“, - ამბობს ფერმერი.

























