მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაშხლებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოებისთვის რეგულაციები მზადდება

5bf5757584553
დავით ჯალაღონია
21.11.18 19:19
1562
საქართველოს ენერგეტიკის აკადემიამ „ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა. ამ პროცესში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი იყო ჩართული. დოკუმენტის პირველი განხილვა ენერგეტიკის დარგში პრობლემების შესახებ კომიტეტთან არსებულ საბჭოში გაიმართა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების მიზანია, შეიქმნას ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე ავარიების პრევენციის და მათი უსაფრთხო ექსპლოატაციის მიზნით სამართლებრივი საფუძვლები, გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ავარიებზე პასუხისმგებელ პირთა წრე და ზარალის ანაზღაურების პრინციპები. როგორც დღეს საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, განვითარებულ ქვეყნებში მონიტორინგისა და ავარიებისგან პრევენციების სისტემა დანერგილია, თუმცა მსოფლიო იცნობს ისეთ შემთხვევებს, როცა მსგავსი ობიექტების დაზიანებას მსხვერპლიც მოჰყვა, ამიტომ ახალი კანონპროექტი მსგავსი რისკების მინიზმიზაციას ისახავს მიზნად.

უფრო კონკრეტულად, კანონპროექტი ითვალისწინებს ჰიდროტექნიკური ნაგებობების, მათ შორის წყალსაცავების და კაშხლების ავარიის საფრთხის შესახებ, ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვას.

„2 მილიონ კუბ. მეტრზე მეტი წყლის მოცულობის წყალსაცავის ჰიდროტექნიკური ნაგებობის ოპერატორი ვალდებულია, ახლომდებარე ზონაში მოაწყოს და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იქონიოს გარღვევის ტალღის ადრეული შეტყობინების სისტემა;

2 მილიონ კუბ. მეტრზე ნაკლები მოცულობის, მაგრამ განსაკუთრებული რისკის მქონე წყალსაცავის ჰიდროტექნიკური ნაგებობის ოპერატორი ვალდებულია, ახლომდებარე ზონაში მოაწყოს და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იქონიოს გარღვევის ტალღის ადრეული შეტყობინების სისტემა იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს სააგენტოს ასეთი მითითება;

ახლომდებარე ზონა ნიშნავს ტერიტორიას, რომელიც ჰიდროტექნიკური ნაგებობის მოულოდნელად და სრულად მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში 2 საათში დაიტბორება“, - მოცემულია კანონპროექტში.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენერგეტიკოსმა რევაზ არველაძემ აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში მხოლოდ ორი წყალსაცავიანი ობიექტი იცავს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს, ესენია - ენგურჰესი და ჟინვალჰესი, სადაც მონიტორინგის სისტემები მუშაობს.

კანონპროექტის მიხედვით, რეგულირების არეალში სამომავლოდ უნდა მოექცეს ენერგეტიკული, სამელიორაციო, საირიგაციო და წყალმომარაგების ობიექტები, მათ შორის, 44 ხელოვნური წყალსაცავი, რომლის ზედაპირის ჯამური მოცულობა 3,3 მილიარდი კუბური მეტრია. დაგეგმილი რეგულაციების ინიცირება პარლამენტში სავარაუდოდ, მომავალი წლის საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები