მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Kaspi-ს იმპერია - ქართველი Harvard-ელი, რომელიც ყაზახეთში ბანკს ხელმძღვანელობს

59675d1343a8d
BM.GE
16.07.17 12:00
5688
Kaspi -ს იმპერია - როგორ ქმნის Baring Vostok-ის პარტნიორი მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში სერვისების სისტემას ბანკთან ერთად,- ამ სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა rb.ru სტატიას, რომელშიც ყაზახეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენზეა საუბარი.

მიხეილ ლომთაძე ყაზახურ ბანკს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, აღმასრულებელმა დირექტორმა ბანკში დიდი ხანია ინოვაციური ეკოსისტემის დანერგვა დაიწყო, რომელიც კლიენტს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ფინანსების განკარგვის გარდა, გადაიხადოს გადასახადები, შეიძინოს პროდუქცია ინტერნეტ-მაღაზიებში, შეადაროს ფასები ერთმანეთს და ისარგებლოს ლოიალურობის პროგრამით.

ბანკის ინფორმაციით, დღესდღეობით სწორედ Kaspi-ის სისტემაზე მოდის ყაზახეთში არასასურსათო პროდუქციის 20%, ხოლო ბანკს ქვეყანაში ყველაზე მეტი არაკორპორატიული მომხმარებელი ჰყავს.

"თავიდან ძალიან მარტივი მიზანი გვქონდა- გავმხდარიყავით ყველაზე დიდი ბანკი საცალო მომხმარებლების მიმართულებით. შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ გვინდოდა არამხოლოდ ყველაზე დიდი, წარმატებული და მომგებიანი ბანკის ჩამოყალიბება არამედ კომპანიის, რომელიც შეცვლიდა ადამიანების ცხოვრებას.

დავინახეთ, რომ ადამიანები დგანან რიგებში კომუნალურების გადასახდელად. ვიფიქრეთ, რომ ჩვენთვის შესაძლებელი იყო ამ პროცესის გამარტივება, თუ მომხმარებელს შევთავაზებდით ონლაინ სერვისს.

რაც შეეხება ონლაინ მაღაზია Kaspi.kz-ს, ეს უშუალოდ ჩემი გამოცდილების ნაწილია: მინდოდა კომპიუტერის შეძენა მაღაზიაში, სადაც მითხრეს: „თუ თქვენ ხვალ მიხვალთ ჩვენს სხვა მაღაზიაში 10%-იან ფასდაკლებას მიიღებთ“. მეორე დღეს მართლაც მივედი ამ მაღაზიაში და ის კომპიუტერი არ დამხვდა დახლზე...ბოლოს, აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის სასურველი კომპიუტერი და პრინტერი ოთხი მაღაზიის მოვლის შემდეგ შევიძინე. აქედან წამოვიდა იდეა - გაგვეკეთებინა ინტერნეტ-მაღაზია, სადაც შესაძლებელია ყველანაირი საქონლის შეძენა",- აცხადებს მიხეილ ლომთაძე.

რაც შეეხება მის კარიერას ყაზახეთსა და ზოგადად საბანკო სფეროში, მიხეილ ლომთაძე ამბობს, რომ ის ყაზახეთში მისი საინვესტიციო კომპანიის მეშვეობით მოხვდა, რომელმაც ინვესტიცია მაშინდელ "კასპიის ბანკში" ჩადო.

"ეს იყო ჩემი, როგორც Baring Vostok-ის პარტნიორის ინვესტიცია. ჩემი ყოფილი კურსელი ჰარვარდიდან ბანკში მუშაობდა და შემომთავაზა დავინტერესებულიყავი ინვესტირებით. გავემგზავრე ყაზახეთში და ეს იყო "ერთი ნახვით სიყვარული" ან შეიძლება ითქვას, პარტნიორობა პირველივე ნახვიდან.

Baring Vostok-მა 2006 წელს განახორციელა ინვესტიცია ყაზახეთში. შემდეგ დაიწყო 2007 წლის კრიზისი და ყველაფერი ცუდად წავიდა. მოვიდა დრო, მიგვეღო მკვეთრი და სწრაფი გადაწყვეტილება და ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, თუ Kaspi-ის აღმასრულებელი დირექტორი გავხდებოდი.

აქამდე, ჩემი დიდი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, არაფრით ვუკავშირდებოდი საბანკო სფეროს. საქართველოში მე აუდიტოირიული კომპანია შევქმენი პარტნიორებთან ერთად, რომელიც დღეს Ernst&Young-ის ნაწილია. შემდეგ ჰარვარდში წავედი სასწავლებლად.

ვფიქრობ, გამიმართლა. ჩემს გვერდით ყოველთვის "სწორი ადამიანები" იყვნენ. მასწავლებლები უნივერსიტეტიდან და პარტნიორები საქართველოდან, შემდეგ პროფესორები და მეგობრები ჰარვარდიდან",- ამბობს ბიზნესმენი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები