მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კასპიის ზღვის დონემ ბოლო 48 წლის მინიმუმს მიაღწია

კასპიის ზღვა

კასპიის ზღვაში წყლის დონე მკვეთრად შემცირდა და ბოლო 48 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიდა.

სპეციალისტები ამ პროცესის მთავარ მიზეზებად კლიმატის ცვლილებას, ჰაერის ტემპერატურის მატებასა და გლობალურ დათბობას ასახელებენ. აზერბაიჯანის გეოგრაფიის ინსტიტუტის კასპიის ზღვის გეოგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, სეიდ საფაროვის განცხადებით, დონის კლების უარყოფითი ტენდენცია ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, წყლის დონის კლებას სანაპირო დასახლებებზე, საზღვაო გადაზიდვებსა და პორტების ოპერაციებზე პირდაპირი უარყოფითი გავლენა ექნება. პარალელურად, საფრთხე ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას, ზღვის ბიომრავალფეროვნებასა და მთლიან ეკოსისტემასაც ემუქრება.

სანაპირო ზოლის დაშრობა და წყალმარჩხი მონაკვეთების გაფართოება ნაოსნობას მკვეთრად გაართულებს. ეს პროცესი კი არსებული საზღვაო და ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას საოპერაციო დაბრკოლებებს შეუქმნის. ექსპერტების გაფრთხილებით, დონის კლების ამ ტემპით გაგრძელება რეგიონის ქვეყნებისთვის შექმნილ წნეხს კიდევ უფრო გაამწვავებს.

ცნობისთვის, ბოლო 30 წლის განმავლობაში კასპიის ზღვის დონემ დაახლოებით 2.5 მეტრით დაიკლო, სანაპირო ზონებში კი წყლის მაჩვენებელი 1.5 მეტრზე მეტით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები