"საპარტნიორო ფოდის" მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში 100-წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული კომპანია "კერამიკა ელ ტორრენტე" ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნის მშენებლობას იწყებს. კერამიკული პროდუქციის საწარმოს მშენებლობას დღეს ჩაეყარა საძირკველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
ესპანური კომპანია "Ceramika El TORRENTE" საუკუნეზე მეტია აწარმოებს ევროპული სტანდარტის კერამიკულ აგურს.
აგურის ქარხანა 2019 წლის შემოდგომაზე ამოქმედდება და ყოველწლიურად 120, 000 ტონა აგურს გამოუშვებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ. აშშ დოლარზე მეტია. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
"ახალი საწარმო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებასა და რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაში. სამშენებლო ინდუსტრია და უძრავი ქონების ბაზარი ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა საქართველოში, რომელიც სამუშაო ადგილებს მნიშვნელოვნად ზრდის. სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი ინვესტიციებს იზიდავს და ეს პროექტი ამის კარგი მაგალითია. მოცემული პროექტი ესპანეთში ევროპული სტანდარტების აგურის ქარხნის ანალოგის კასპში აშენებას გულისხმობს. ახალი სახის პროდუქტი ეტაპობრივად ძვირადღირებულ იმპორტირებულ სამშენებლო პროდუქციას ჩაანაცვლებს", - განაცხადა დავით საგანელიძემ.