სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვისა და წესის აგების ცერემონია მიმდინარეობს, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი იმყოფება - ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
გამოცემის ცნობით, პირდაპირი ტრანსლაციის კადრებში ჩანს, რომ 77 წლის შვიდკოი ტაძარში იმ სტუმრებს შორისაა, რომლებიც პატრიარქის გამოსამშვიდობებელ პროცესიას ესწრებიან.
არსებული ინფორმაციით, მიხაილ შვიდკოი, სავარაუდოდ, არ არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური, 80-კაციანი დელეგაციის წევრი. აღნიშნულ საეკლესიო დელეგაციას ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ბენიამინი (ტუპიეკა) ხელმძღვანელობს.
მიხაილ შვიდკოი 2000-2004 წლებში რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის პოსტს იკავებდა, 2008 წლიდან კი ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელია.
შვიდკოი წლების განმავლობაში არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და პირადად ხვდებოდა ილია მეორეს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, 24 დეკემბერს, თბილისში, საპატრიარქოს ინიციატივით გამართული კონფერენციის ფარგლებში შედგა. მაშინ მან ილია მეორეს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მილოცვა გადასცა.
2013 წელს შვიდკოი აცხადებდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის „სადავო საკითხების გადაჭრას დიდი დრო დასჭირდება“, თუმცა მიიჩნევდა, რომ კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარებისთვის „ყველა შესაძლებლობა არსებობდა“.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქს 15:00 საათზე გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან, სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობით.
93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე 17 მარტს საღამოს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ილია II-ს დღეს, 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.




























