"კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია ფაქტობრივად დასრულებულია, უწყებებთან გავლილია და დაახლოებით, 1-2 თვეში იქნება მიღებული", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების აპარატის ხელმძღვანელმა, ლევან ღირსიაშვილმა საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებებისთვის გამოყენების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის განხილვისას განაცხადა.
ეროვნული უსაფრთხოების აპარატის უფროსს აუდიტის ანგარიშით გამოვლენილ მიგნებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.
“აუდიტის ანგარიშის პირველ თავში „ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების არ არსებობა/განუახლებლობა წარმოადგენს ხელის შემშლელ ფაქტორს ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის“ - ვერ დავეთანხმები ამ ფორმულირებას, ვინაიდან, 2022 წელს პარლამენტის მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების კანონში ცვლილება შევიდა და უსაფრთხოების საბჭოს აპარატს კოორდინაცია დაევალა გაფრთხილების სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომლის ვადად განისაზღვრა 2026 წლის 1 იანვარი.
გაფრთხილების სისტემაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, შექმნილია ჩარჩო დოკუმენტი, წარდგენილია მთავრობის შესაბამის წევრებთან და მთავრობის დადგენილების მიღება მოხდება, რომლის ვალდებულებაც უსაფრთხოების საბჭოს აპარატს გააჩნია. რამდენიმე თვეში ჩვენ წარვუდგენთ მთავრობას დადგენილების პროექტს და მთავრობა ადრეული გაფრთხილების სისტემის შესახებ მთავრობის დადგენილებას დაამტკიცებს“, - ამბობს ლევან ღირსიაშვილი.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების აპარატის ხელმძღვანელი ეთანხმება მიგნებას, რომ სამოქალაქო უსაფრთხოების გეგმა მოძველებულია, რომელიც მთავრობის 508-ე დადგენილებაა და ამაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს. ამასთან, ხარვეზად მიიჩნევს SDG ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყების განუსაზღვრელობას და ამბობს, რომ ამ ხარვეზის გამოსწორება მათი კომპეტენცია არ არის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტი 2016 თუ 2017 წელს არის მიღებული, ჩანაწერი გამოსასწორებელია.
მისივე ცნობით, გაფრთხილების სისტემის დოკუმენტი უკვე დასრულებულია, მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება და ამის შემდეგ, კატასტროფის რისკის სტრატეგიის მიღების გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში მოხდება.

























