ავტოიმპორტიორი კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ გენერალური დირექტორის გიორგი სურგულაძის განცხადებით, მასიურად ხდება ავტომობილების გაყვანა სომხეთში, რაც კანონმდებლობის ცვლილებით და განბაჟების ტარიფების შემცირებამ გამოიწვია; გამოცოცხლებულია აზერბაიჯანიც. კანონმდებლობის ცვლილების გამო გაიხსნა უკრაინის ბაზარიც, შედეგად, გასული წლიდან მოყოლებული გაყიდვები გაზრდილია.
„კავკასიის ავტოიმპორტის“ მაგალითზე რეექსპორტის შედეგად გაყიდვები თითქმის გაორმაგდა.
გაზრდილი რეექსპორტის ფონზე იზრდება ავტომობილებზე ფასებიც.
გიორგი სურგულაძის თქმით, სწორედ რეექსპორტის ზრდიდან გამომდინარე საქართველოში ავტოდილერებმა ფასები 10%-15%-ით გაზარდეს.
„საქართველო სტაბილურად ჩამოყალიბდა რეგიონში ავტომობილების გამტარ ჰაბად. სომხეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის გარდა გააქტიურებულია ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და რუსეთის ბაზრებიც. ველოდები, რომ ეს ბიზნესი უფრო სტაბილური და წამყვანი რგოლი დარჩება ეკონომიკაში“, - აცხადებს გიორგი სურგულაძე.
მისი თქმით, მთლიან გაყიდვებში წამყვანი წილი რეექსპორტს უჭირავს, რადგან ავტომობილების 70%-მდე საქართველოდან სწორედ რეექსპორტზე გაჰყავთ.

























