„კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება. კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირქტორი რევაზ კოპალაძე აცხადებს, რომ სარჩელის შეტანას უახლოეს დღეებში აპირებენ.
საქმე იმაშია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 20 აგვისტოს „სხდომაზე კავკასუს“ ონლაინს 270,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლითაც კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი NEQSOL ჰოლდინგი გახდა. ამასთან, კომისიის გაფრთხილების თანახმად, თუკი ერთი თვის განმავლობაში შესაბამისი მოთხოვნა არ იქნებოდა შესრულებული, ჯარიმის ნაცვლად სხვა სახის სანქცია იქნებოდა განხილული. ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა, ეს სანქცია კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა.
„სარჩელი თითქმის მომზადებულია და უახლოეს დღეებში ჩავაბარებთ. რაც შეეხება მოგების შანსებს, დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს და არაკონსტიტუციურად ცნობს კანონის იმ ნორმებს და ისეთ ინტერპრეტაციას, რომელიც ზღუდავს „კავკასუს ონლაინის“ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. პირველი, რაც ზედაპირზევეა და აშკარაა, არის ის, რომ დაჩქარებული ვადები კანონის ხარისხზე პირდაპირ აისახა, ეს უდავოა. კანონი დაუსაბუთებელია და რიგი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, კვლევა, შეფასება არ ახლავს თან. განმარტებითი ბარათი, თქვენც შეგიძლიათ ნახოთ, სადაც პირდაპირ წერია, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციების დოკუმენტები უბრალოდ არ არსებობს, ასეთი არ მომზადებულა, არც ჩატარებულა.
რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად შემოთავაზებული უხარისხო კანონი არის შეუსაბამო კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. კანონი კომისიას განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს უდგენს ერთპიროვნულად ჩაერიოს კერძო სუბიექტის ბიზნეს საქმიანობაში და მეწარმეობის თავისუფლებაში. კანონში პირდაპირ წერია, რომ სპეციალურ მმართველს, რომელიც კომისიამ შეიძლება დაუნიშნოს ავტორიზებულ პირს, ფაქტობრივად ყველა უფლებამოსილების შეთავსება შეუძლია: დირექტორიდან დაწყებული აქციონერთა კრებით დამთავრებული. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ წინასწარი სასამართლო კონტროლი ამ პროცესში ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, ჩემთვის რთული წარმოსადგენია საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილოს ჩვენი სარჩელი და არაკონსტიტუციურად არ სცნოს გვიან ღამით საკომიტეტო მოსმენებზე „განხილული“ დაჩქარებული წესით მიღებული კანონი“, - აცხადებს კოპალაძე.