მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კავკასუს როუდ პროჯექტი“ ერევანში $13.5 მლნ-იან ხიდს აშენებს - კომპანიის გეგმები

602fa8b351368
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.21 16:19
1673
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ერევანში ხიდს აშენებს, რომელიც სომხეთის დედაქალაქში არსებული ავტობანის ნაწილია და მეზობელ ქვეყანაში კომპანიის პირველი ინფრასტრუქტურული პროექტია. პროექტის განხორციელება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და 2021 წლის ოქტომბრისთვის დასრულდება.

BM.GE-იმ „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელთან პაატა ტრაპაიძესთან საუბრისას გაარკვია, რომ კომპანია სომხეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა და სახელმწიფო ტენდერში გამარჯვება მხოლოდ ნიკოლ ფაშინიანის პრემიერად მოსვლის შემდეგ შეძლო.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში სომხეთის ტენდერებში მონაწილეობის, დაახლოებით, 5 მცდელობა გვქონდა, მაგრამ არაკონკურენტუნარიანი მდგომარეობის გამო, რომელიც მაშინ სომხეთში იყო, რთული იყო ტენდერში გამარჯვება. ფაშინიანის მოსვლის შემდეგ, სიტუაცია ამ მხრივ საკმაოდ შეიცვალა. ტენდერში მონაწილეობა სომეხ პარტნიორთან ერთად მივიღეთ. ისინი აკეთებენ გზას, ჩვენ ვაკეთებთ ხიდს“, - განმარტავს პაატა ტრაპაიძე და დასძენს, რომ 250 მეტრი სიგრძის ხიდების პროექტის ტენდერში მონაწილეობისას დიდი კონკურენცია იყო.

პროექტის მიხედვით, კომპანიამ კომპოზიტური - რკინის და რკინა-ბეტონის ხიდი უნდა ააშენოს, რომლის ბურჯების სიმაღლე 18 მეტრია. „ტენდერში იტალიური და რუსული კომპანიები მონაწილეობდნენ და მათთან შედარებით ჩვენი ფასი ადეკვატური იყო და ჩვენ მოვიგეთ ტენდერი. პანდემიიდან გამომდინარე არსებული შეფერხებების მიუხედავად, დღეს სამუშაოები ნორმალურ ტემპში მიმდინარეობს და ვაგრძელებთ მუშაობას“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ინფორმაციით, ერევანში ხიდის მშენებლობის პროცესში ქართველები არიან დასაქმებულები და მხოლოდ ამ პროექტზე დღეს "კავკასუს როუდ პროჯექტიდან" 30 ადამიანი მუშაობს.

პაატა ტრაპაიძეს BM.GE-იმ ერევანში და რეგიონის ქვეყნებში არსებულ გეგმებზეც დაუსვა კითხვები, რაზეც კომპანიის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ დღეს პრიორიტეტული მიმართულება სომხეთია.

„მხოლოდ იმ ქვეყნებში შევდივართ, სადაც კორუფცია, პრაქტიკულად, არ არის, რადგან კორუფციულ შეთანხმებებში არავისთან შევდივარ და სომხეთი ამ მხრივ დღეს საკმაოდ კარგად გამოიყურება. გვაქვს საზღვარგარეთ პროექტების განხორციელების გამოცდილება ყაზახეთში, რომელიც ფრანგ და გერმანელ პარტნიორებთან ერთად განხორციელდა და თუ მსგავსი პროექტები იქნება, მზად ვართ, ქვეყნის საზღვრებს გარეთ პროექტების შესრულებისთვის. დღეისთვის აქცენტს სომხეთზე ვაკეთებთ. ჩვენი მუშაობით დამკვეთი კმაყოფილია, მიუხედავად კოვიდ-სიტუციისა და სომხეთში შემოდგომაზე არსებული საომარი მდგომარეობისა, რომელიც სრულად ქვეყანაზე მოქმედებდა, ჩვენ ერთი დღე არ გაგვიჩერებია მუშაობა.

კომპანია სომხეთში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ ტენდერებშიც აპირებს მონაწილეობას. ეს არის ჩრდილოეთი-სამხრეთის დამაკავშირებელი ავტობანი, რომელიც მონაკვეთებად დაიყოფა და ტენდერის გამოცხადება ზაფხულში იგეგმება. პერსპექტივა ამ მხრივ არის და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვეცდებით გავიმარჯვოთ. ჩვენი სავიზიტო ბარათი კი ერევანში აშენებული ხიდია, რომლის ტენდერი მანამდე 3-ჯერ ჩავარდა“, - უთხრა BM.GE-ის პაატა ტრაპაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები