კავკაზ - ფოთი - კავკაზის სარკინიგზო ბორნის მაქსიმალურმა დატვირთვამ, საქართველოზე გამავალი დერეფნით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა უზრუნველყო, - ამის შესახებ "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დასკვნაში წერია, რომელიც Hub Georgia-ს პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციაა.
“სომხეთის რკინიგზაზე გადაზიდვების დადებითი დინამიკა, პირველ რიგში მარკეტინგული საქმიანობით და კავკაზი - ფოთი - კავკაზის საბორნე ხაზის სარულფასოვანი ამოქმედებით გახდა შესაძლებელი, რამაც დამატებითი ტვირთები, ტრანზიტის სახით საქართველოს რკინიგზასაც შესძინა.
რუსეთსა და სომხეთს შორის სტაბილური გადაზიდვების უზრუნველსაყოფად, სომხეთის რკინიგზამ 2017 წლიდან კავკაზ - ფოთი - კავკაზის სარკინიზო ბორანი (გადაზიდვები 2007 წლიდან ხორციელდება) დაფრახტვა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინა რუსეთის დაპირისპირებამ უკრაინული ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი ავტომატურად გადმორთო ჩერნომორსკი (ძველი ილიჩოვსკი) - ფოთი/ბათუმის მიმართულებით, საქართველოს რკინიგზამ, მიუხედავად წინასწარი განცხადებისა, ვერ შეძლო ანალოგიური საბორნე გემის დაფრახტვა და ჩერნომორსკ - ფოთი/ ბათუმის მიმართულებაზე დაყენება”, - წერია კვლევაში.
2017 წელს კავკაზ - ფოთი - კავკაზის ბორანმა 25 წრიული რეისი განახორციელა, 2016 წელს კი მხოლოდ 10 რეისი შეასრულა. სადღეისოდ ბორანი სრულად, 40 ვაგონით არის დატვირთული. 2017 წელს ტვირთბრუნვამ 36 ათ. ტონა (590 ვაგონი) შეადგინა და 2016 წელთან შედარებით 5 ჯერ გაიზარდა (127 ვაგონი).
როგორც „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, ტვირთანაკადის საგრძნობი ზრდის დინამიკა შესაძლებელი გახდა რუსეთის, საქართველოს და სომხეთის რკინიგზების სატარიფო სფეროში კოორდინაციით. კერძოდ, საბორნე გადაზიდვის შემთხვევაში, საზღვაო მხარზე ტარიფი 54% -ით შემცირდა და 2017 წელს ვაგონზე 2500 დოლარი შეადგინა, რაც 2016 წელს - 5450 დოლარი ღირდა. რაც შეეხება რკინიგზის ნაწილში შემცირებას, რუსეთის რკინიგზამ ტარიფი - 50%-ით, საქართველოს რკინიგზამ კი - 35 %-ით შეამცირა.
კავკაზ - ფოთი - კავკაზის საბორნე გადასასვლელზე, სამ ქვეყანას შორის სატარიფო პოლიტიკის მიმართულებით კოორდინაციამ სარკინიგზო საბორნე გემის რეგულარობისა და თვეში 70 - 90 ვაგონით დატვირთვის უზრუნველყოფა გახადა შესაძლებელი.

























