საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, კომუნიკაციების მარეგულოირებელი კომისიის ხელმძღვანელს, კახა ბექაურს თანამდებობის დაკავებისთვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნია. კერძოდ ის არის მათემატიკოსი, კანონი კი კომისიის წევრობისთვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათლებას ითხოვს. კახა ბექაური აცხადებს, რომ ყველა ინსტანციამ, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მთავრობამ, შემდგომ პარლამენტმა დეტალურად შეისწავლა მაშინ ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელი იყო კომუნიკაციების კომისიის წევრობისთვის და ყველა ამ ინსტანციამ დეტალური შესწავლის შემდეგ ჩათვალა და დაადასტურა მისი კვალიფიკაციის შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან.
კახა ბექაური აცხადებს, რომ მან 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, რომლის დიპლომიც გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და ის სრულად შეესაბამება მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს. ამ ინფორმაციისგან განსხვავებულია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დასკვნა. ორგანიზაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1992 წელს გაცემული დიპლომი, მართალია, უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, მაგრამ არანაირად არ უთანაბრდება მაუწყებლობის შესახებ კანონში მითითებული კონკრეტული აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს, კერძოდ ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.
კახა ბექაური აცხადებს, რომ მას უშუალოდ თსუ-სთვის არ მიუმართავს, თუმცა მისი კვალიფიკაციის კანონთან შესაბამისობა სამმა უწყებამ დეტალურად შეისწავლა.
"უნივერსიტეტიდან დასტურს რაც შეეხება, მე არც მიმიართავს და არც მჭირდება, იმიტომ რომ, არჩევის დროს კანონთან შესაბამისობა შესაბამისმა უწყებებმა - პარლამენტმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და მთავრობამ ისევე როგორც ჩემი, ასევე სხვა წევრების ცხადია, გამოიკვლია და კანონთან შესაბამისობა დაადგინა. ჩემი დიპლომი არის მაგისტრთან გათანაბრებული და ეს იყო სწორედ მოთხოვნა, რომ მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომი ყოფილიყო და ასეც იყო ჩემს შემთხვევაში", - განმარტავს კახა ბექაური.
ის აღნიშნავს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული მასალა შესაძლოა მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვის და დისკრედიტაციის მცდელობის მიზანს ემსახურებოდეს.

























