მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: არავინ საუბრობს კანონპროექტის შინაარსზე, გაუგებარია ის ისტერიკა, რაც გუშინ ვნახეთ

6401c5a3d9386
BM.GE
03.03.23 14:07
1127
ერთადადერთი მცდელობა აქვთ, აღნიშნულ კანონპროექტებს მოახვიონ რუსული შლეიფი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მანვე განმარტა, რომ პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება, საბოლოო დასკვნამდე კი მათ შინაარსზე დისკუსია გახსნილია.

„გაუგებარია ისტერიკა, რაც გუშინ ვნახეთ. არავინ საუბრობს შინაარსზე, რატომ არის ეს კანონი პრობლემა. ერთადერთი მცდელობა აქვთ, ამ კანონპროექტს მოახვიონ შლეიფი, თითქოს რუსული კანონია. ორივე კანონპროექტი გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში, დაველოდებით დასკვნებს. პარალელურად, დისკუსია გახსნილია, ვინმეს თუ შინაარსთან, სახელწოდებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს პარლამენტი ამისთვის არსებობს“, -განაცხადა კახა კალაძემ.

მისი შეფასებით, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი საკმაოდ ლიბერალურია და ერთადერთს - გამჭვირვალობას მოითხოვს.

„წარდგენილია ორი კანონპროექტი - ერთი ანალოგია იმისა, რაც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქიდან არის ნათარგმნი და გადმოტანილი, რაც ჩემი დამოკიდებულებით, არის საკმაოდ ხისტი. მეორე, კანონპროექტი, ქართული, საკმაოდ ლიბერალურია, მოითხოვს გამჭვირვალობას - საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, საიდან ფინანსდება ესა თუ ის ორგანიზაცია. გამჭვირვალობა კი რატომ არის ცუდი, არ მესმის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.

კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტები უკვე განიხილეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე და პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მხარიც დაუჭირეს. განხილვას ხმაური მოყვა პარლამენტში. ადგილზე მივიდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, იყო სტვენა და შეძახილები, თუმცა "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" დეპუტატებმა კანონპროექტები პირველი მოსმენით მაინც მიიღეს.