ენგურჰესის გვირაბის დათვალიერების პროცესი დასრულდა. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა, მიმდინარე წელს 2018 წლისთვის ობიექტზე განსახორციელებელი სამუშაოები დაიგეგმება.
რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ელექტრომომარაგების საკითხს, რომელიც ზამთრის თვეებში ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე პრობლემაა, კალაძე აცხადებს, რომ ჰესის რეაბილიტაციის დროს, როცა ობიექტი ელექტროენერგიას ვერ გამოიმუშავებს, აფხაზეთს დეფიციტი არ შეექმნება.
"ჩვენ საკმაო მოცულობები გვაქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე კარგი ურთიერთობები გვაქვს ხაზებისა და ელექტროგადამცემების თვალსაზრისით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. მოსახლეობა ვერანაირ დეფიციტს ვერ იგრძნობს. აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე ვზრუნავთ, ასევე ვიზრუნებთ მათზე", - განაცხადა კალაძემ.

























