თბილისის მერმა კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც მერმა აღნიშნა, ამჟამად, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, ფაქტობრივად, დასრულებულია.
„მელიქიშვილის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები, ფაქტობრივად, მთლიანად გამოცვლილია. კონკრეტული ადგილებია, სადაც დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მდებარე მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის შეფუთვა მიმდინარეობს, რათა წვიმის დროს გადასასვლელს პრობლემები არ შეექმნას. გვინდა, 19 სექტემბრისთვის არსებული მონაკვეთი ქვედა ფენებში მოექცეს, საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში, რათა გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი.
შემდეგ ეტაპზე ჩაიკეტება და სამუშაოები დაიწყება გზის იმ ნაწილზე, სადაც ამჟამად ავტოსაგზაო მოძრაობაა. ყველა სამუშაო გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია - მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილებით, გამწვანებით, განათებით. დარწმუნებული ვარ, როდესაც მთლიანად დავამთავრებთ სამუშაოებს, ძალიან ეფექტური გამოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, მთლიანად იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, განახლდება წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება და დამონტაჟდება განათების ქსელი LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება.
მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მერთან ერთად, მისმა მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ლევან ნაროუშვილმა და მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერეს.