თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში კოეფიციენტების მატება და კ2 კოეფიციენტის გაყიდვა აიკრძალება.
კალაძის განმარტებთ, ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ამ სექტორში მომუშავე კომპანიებთან მერიას ხშირი კონსულტაციები ჰქონდა.
"ჩვენ გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ კ2 კოეფიციენტით მანიპულაციები. როგორი ინოვაციური და მასშტაბური პროექტებიც არ უნდა განვახორციელოთ მომავალში, იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა, თუ ამის პარალელურად, ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი.
მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორისთვის, ერთი შეხედვით, შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, სინამდვილეში არსებული ურბანული ქაოსი საერთო ჯამში, მათ ბიზნესსაც აზარალებდა. კარგია, რომ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა, ეს ინიციატივა ძალიან სწორად გაანალიზეს, გაიზიარეს და პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირეს მხარი", – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მერია აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამის დოკუმენტაციას დასამტკიცებლად საკრებულოს ერთი კვირის ვადაში გადაუგზავნის.

























