მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე მიწისქვეშა პარკინგების პროექტის განხორციელებას ოპოზიციისგან ელოდება

5c0500e93954d
სალომე მეცხვარიშვილი
03.12.18 14:15
731
თბილისის მერი კახა კალაძე მიწისქვეშა პარკინგების პროექტის განხორციელებას „ნაციონალური მოძრაობისგან“ ელოდება.

ასე პასუხობს ის BM.GE-ს შეკითხვას, რატომ ჩავარდა მერიის მიერ გამოცხადებული რამდენიმე ტენდერი, რომელიც თბილისში 3 ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგების განხორციელებას გულისხმობდა.

„მიწისქვეშა პარკინგზე ოპოზიციას ველოდები, „ნაციონალურ მოძრაობას“, 1 ლარად ვაძლევთ საჩუქრად და სად არიან? ამოვიდნენ სარდაფებიდან და გადატრიალებას კი არა...საქმეზე გელაპარაკებით. მზად ვართ, ერთ ლარად გადავცეთ მიწისქვეშა ლოკაციები, სადაც შესაძლებელია პარინგების განხორციელება. მივცემთ ერთ ლარად და გააკეთონ“,- აცხადებს კალაძე.

მსგავსი ტიპის განცხადება კალაძემ რამდენიმე თვის წინაც გააკეთა, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპროტესტებდა პუშკინის სკვერის მიმდებარედ ერთ ლარად „თანაინვესტირევის ფონდისთვის“ მიწის გადაცემას, სადაც „პანორამა თბილისის“ ფარგლებში მიწისქვეშა პარკინგი უნდა მოწყობილიყო. მაშინ კალაძემ განაცხადა, რომ მზადაა, ერთ ლარად მიწა თავად ოპოზიციას გადასცეს და მათ განახორციელონ აღნიშნული პროექტები.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სამ ლოკაციაზე (ფილარმონია, ვაგზლის მოედანი, ვარკეთილის მეტრო) მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე მერიამ ინტერესთა გამოხატვა ზაფხულში გამოაცხადა. თუმცა, განაცხადი არც ერთ კომპანიას არ წარმოუდგენია. მერიამ მაშინ განაცხადა, რომ ახალ ინტერესთა გამოხატვას განსხვავებული პირობებით გამოაცხადებდა, რათა პროექტი უფრო მიმზიდველი ყოფილიყო კერძო სექტორისთვის. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვარკეთილსა და ვაგზლის მოედანზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობით ისევ არავინ დაინტერესდა, ხოლო ფილარმონიასთან დაკავშირებით მერიას კონტრაქტი უახლოეს მომავალში უნდა გაეფორმებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები